სალომე ზურაბიშვილმა წარმოადგინა კანონპროექტი და ერთი სიტყვა არ არის შეცვლილი იმ კანონთან შედარებით, რაც პარლამენტმა მიიღო. ბოლო პუნქტი, ერთი წინადადება არის დამატებული, რომ ეს კანონი იმოქმედებს, მხოლოდ, ერთი დღე, მეტი სამართლებრივი შეფასება, ამ კანონპროექტს, პრეზიდენტმა ვერ მისცა, – ეს განცხადება „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.
დეპუტატის თქმით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი სამართლებრივად გამართული და მაღალი სტანდარტის შესაბამისია.
„კანონპროექტი სამართლებრივად არის გამართული და მაღალი სტანდარტის შესატყვისი. პრეამბულაში, წერილში უწერია, რომ რუსულია და ა.შ. ამ კანონპროექტში დანარჩენი ვერანაირი შესწორება ვერ შეიტანა. ამიტომ, ეს ვეტო არის ვეტოსათვის, ანუ პოლიტიკური ჯინიანობის საკითხია. რაც შეეხება ვენეციის კომისიის დასკვნას, ეს დასკვნა ჩამოვა ალბათ მომავალ კვირაში და შევხედავთ სამართლებრივ მხარეს, ამის შედეგად ვიმსჯელებთ. წინასწარ არ მინდა, რამე მოლოდინები შევქმნა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, პრემიერ-მინისტრმაც რამდენჯერმე გააჟღერა, თუ იქნება ერთი მაინც საგნობრივი, სამართლებრივი არგუმენტი, ჩვენ მზად ვართ, ვიმსჯელოთ ამის გარშემო. ვეტო ყველა შემთხვევაში დაიძლევა, რადგან ვეტოში არაფერი დევს გასათვალისწინებელი. პარლამენტში პროცესები როგორც მიდიოდა, ისევ, ისე იქნება. თუ მოვა ოპოზიცია, იყვირებს, რუსული კანონიაო. ჩვენ საკანონმდებლო მუშაობას გავაგრძელებთ“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო, გუშინ, დაადო.