ჩვენ გვებრძვიან ულტრა და ფსევდოლიბერალური განწყობის უცხო ძალები, - ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ტიტე აროშიძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.
ტიტე აროშიძის განცხადებით, თუკი ოპონენტები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით საგნობრივ განხილვაში შევლენ, მმართველი გუნდი მზად არის ამ საგნობრივი განხილვისთვის.
"თუკი საგნობრივ განხილვაში შევლენ, ჩვენ მზად ვართ ამ საგნობრივი განხილვისთვის. ვხედავთ, როგორ სურთ ჩამოშალონ ის ინსტიტუტები, რომლებიც პასუხისმგებელია ქვეყნის ეკონომიკაზე. დღეს, მიზანმიმართულად ურტყამენ სებ-ს, საქართველოს ეროვნულ ბანკს, იმის გამო, თითქოს ვერ ინარჩუნებს კურს. ვხედავთ, როგორი ბულინგი მიდის მსხვილ ბიზნესზე, ანუ ბიზნესზე, რომელიც ორიენტირებულია სახელმწიფოში ინვესტიციებსა და ეკონომიკის კეთებაზე. როგორ შეიძლება დღეს, ისეთ მსხვილ კომპანიებს, როგორიცაა „ანაგი", „საქართველოს ბანკი", „ორბი", ებრძოლო იმის გამო, რომ არ უერთდებიან აქციებს, მაგრამ სწორედ ეს არ აწყობთ და ეს არის ის გარემოება, რომელიც ხელს უშლის ეკონომიკის განვითარებას.
ჩვენ გვებრძვიან ულტრა და ფსევდოლიბერალური განწყობის უცხო ძალები. გუშინ, აქციაზე ვნახეთ, გათხოვილი მამაკაცი როგორ მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს, რომ ეკლესიით არ შეიძლება დემოკრატია აშენდეს. არ შეიძლება მართლმადიდებლობით დემოკრატია აშენდეს და მოუწოდებს ყოველგვარი კონსტიტუციის და კონვენციის ნორმის დარღვევით. პირადად მე, სულაც არ მიმაჩნია შემთხვევითობად, გუშინ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრზე, რობერტ ფიცოზე თავდასხმა. სწორედ სლოვაკეთმა და უნგრეთმა მიიღეს საქართველოს მხარდამჭერი რეზლუცია და სწორედ ეს ქვეყნები გვიჭერენ მხარს.
საქართველოს პრეზიდენტმა პირდაპირ უარი თქვა კონსტიტუციური მუხლების შესრულებაზე, უარი თქვა და განაცხადა, რომ ის არასოდეს შევა კანონის განხილვაში, მიუხედავად იმისა, რომ ამას კონსტიტუცია ავალდებულებს. თუკი კანონი ვეტოთი დაბრუნდება, აუცილებელია ის წარმოდგენილი იყოს შენიშვნებითურთ. სხვა შემთხვევაში, უნდა იყოს თანხმობა და ხელმოწერილი შესაბამისი კანონი.
მადლობა მინდა გადავუხადო იმ ახალგაზრდებს, რომლებიც თავისი რწმენით გავიდნენ იმ აქციებზე. რეალურად სჯერათ, რომ ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეს აკეთებენ და ძალიან ხშირად ვნახულობთ, თუნდაც სოციალურ ქსელებში, რომ იმ აქციებზე არ აზიანებენ რაიმეს, ცდილობენ კონფლიქტში არ შევიდნენ მათთან, ვინც კონფლიქტში შედის. ესენი არიან ახალგაზრდები, ჩვენი ქვეყნის შვილები, და, რა თქმა უნდა, პატივი უნდა ვცეთ მათ აზრს.
რა თქმა უნდა, დაუშვებელია პარლამენტის კედლების, ინფრასტრუქტურის მტვრევა, დაზიანება. კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა მოქალაქეებზე, ასევე პოლიციელებზე, რომლებიც იცავენ მათ. ახალგაზრდებმაც პატივი უნდა სცენ იმ ახალგაზრდების აზრს, რომლებიც ფიქრობენ, რომ ეს კანონი სწორია.
არა რუსეთს! ჩვენ, თავისთავად, არ მივიღებთ არაფერს რუსულს, და არცერთი სხვა ქვეყნისას, რომელიც ჩვენს პოლიტიკას, ჩვენს ქვეყანას, კულტურას და ტრადიციებს დააზიანებს. წინ ევროპისაკენ, ჩვენი ქართული კულტურით, ღირსებით და ტრადიციებით", - აღნიშნა ტიტე აროშიძემ.