ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე განმარტებით, არ შეიძლება, ქვეყანა მუდმივად ცხოვრობდეს გარედან თავსმოხვეული და უცხოური წყაროებიდან დაფინანსებული ე.წ. პოლარიზაციისა და რადიკალიზმის რეჟიმში.
პრემიერმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ აპრილში ჩატარებული სოციალური კვლევის თანახმად, მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას უჭერს, ხოლო 60%-ზე მეტი კანონს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ აპრილში ჩატარებული სოციოლოგიური კვლევის თანახმად, ჩვენი მოსახლეობის 80%-ზე მეტი მხარს უჭერს არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობას, ხოლო 60%-ზე მეტი მხარს უჭერს უშუალოდ კანონს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ. შესაბამისად, ხვალ საქართველოს პარლამენტი იმოქმედებს საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის რაციონალური ნების შესაბამისად და მესამე მოსმენით მიიღებს კანონს, რომელიც გარედან თავსმოხვეული ე.წ. პოლარიზაციის დასრულებაში უმნიშვნელოვანეს წვლილს შეიტანს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პრემიერის განცხადებით, ცვლილებები მმართველი გუნდის მხრიდან ვერ დაიგეგმება, რადგან ხვალ მესამე მოსმენით მიიღება ეს კანონი და მესამე მოსმენის ფარგლებში ვერავითარი არსებითი ცვლილება ვერ იქნება შეტანილი. ირაკლი კობახიძის თქმით, მმართველი გუნდი მზად არის დისკუსიებისთვის.
„მართალია, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა არაკონსტრუქციული განცხადება გააკეთა, თუმცა მას მინდა, მოვუწოდო, იმოქმედოს ისე, როგორც აქამდე. ის თვითონ არასდროს წერდა საკუთარი ვეტოს კანონპროექტებს, უწერდნენ ან „ენჯეოები“ ან გარედან უწერდნენ. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ეს ინსტრუმენტი გამოყენებული იყოს ახლაც და თუ ამის შესაძლებლობას არ მისცემს არც ხელისუფლებას, არც საერთაშორისო პარტნიორებს სალომე ზურაბიშვილი, ეს იქნება მისი პასუხისმგებლობა. არის ორი კვირა, 14 მაისიდან 28 მაისამდე და ამ დროში შესაძლებელია პოზიციების შეჯერება, შემდეგ კი ამ პოზიციების ასახვა ვეტოს კანონპროექტში. თუმცა თუ სალომე ზურაბიშვილს ექნება დესტრუქციული პოზიცია, ამ შემთხვევაში გართულდება ეს პროცესი. ჩვენ ვაფიქსირებთ მზაობას დისკუსიისთვის. სანქციების თემა არის არასერიოზული მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ ბიძინა ივანიშვილის მიმართ დღესაც მოქმედებს დე ფაქტო სანქციები“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერის განმარტებით, წაუკითხავი კანონის გაპროტესტება არის უდიდესი უპასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნისა და საკუთარი საზოგადოების წინაშე.
"არანაკლებ დიდი უპასუხისმგებლობაა იმის თქმა, რომ ქართველი ხალხის მიერ არჩეულმა საქართველოს პარლამენტმა სახელმწიფო ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი კანონიც კი არ უნდა მიიღოს თუ ამას გარედან აგვიკრძალავენ. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ თავს დავუხრით უარგუმენტო და სიცრუეზე დაფუძნებულ საბჭოური ტიპის გარე დირექტივებს, მომავალში ასეთივე წარმატებით მოგვთხოვენ მაგალითად ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონის არ მიღებას, ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას, ნარკოტიკების ლეგალიზაციას, ქვეყანაში უკონტროლო იმიგრაციის დაშვებას და მრავალ სხვა მანკიერებას, რომელიც დღეს სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან სწრაფი ტემპით იკიდებს ფეხს“, - აღნიშნა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ გუშინ და დღეს მომიტინგეების მხრიდან ძალადობის ხარისხი მნიშვნელოვნად შემცირებული იყო. მისივე თქმით, ამაში თავისი როლი ბრიფინგებმა, გაფრთხილებებმა და მოწოდებებმა შეასრულა.