რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში? - პრემიერი ვიზალიბერალიზაციის შეჩერებაზე

12 მაისი 2024, 19:33 319 ნახვა

რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში, ხომ ხედავთ რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი, - ამის შესახებ, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს თემა არასერიოზულია.

„ორი დღის წინ თქვენმა კოლეგამ, თქვენი ტელევიზიიდან აღნიშნა, რომ თუ შეჩერდება ვიზალიბერალიზაცია, ეს, რა თქმა უნდა, არის ასევე არასერიოზული თემა, ეს იქნება რუსეთის ინტერესებშიო. თავად შეგიძლიათ განსაჯოთ, რატომ შეიძლება მიიღოს ევროკავშირმა ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც შედის რუსეთის ინტერესებში. ხომ ხედავთ რა დონის აბსურდზე გვიწევს საუბარი. მე მგონია, რომ თუ ვინმეს რამეზე ექნება საუბარი, შეიძლება ვინმემ დაგვაშანტაჟოს პერსონალური სანქციებით, პირობითად, მაგრამ ის, რომ ვიღაცა გამოვიდეს ქართველი ხალხის მიმართ მუქარით, რომ ქართველ ხალხს შეუწყვეტენ ვიზალიბერალიზაციას, ეს, კიდევ უფრო, მეტად არასერიოზული იქნება. პერსონალურ სანქციებზე საუბარი იქნება არასერიოზული და ხალხის მიმართ შანტაჟი იქნება 10-ჯერ უფრო მეტად არასერიოზული, ამიტომ, მგონი ჯობია, სერიოზულ თემებზე ვისაუბროთ“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში