საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონთან" დაკავშირებით, აუცილებლად, გამოიყენებს ვეტოს.
„რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს, უცებ გაახსენდათ პრეზიდენტი და მისი ვეტო, გაახსენდათ ის პრეზიდენტი, რომელსაც პრემიერმა ეძახა მოღალატე საკუთარი ჯარის წინაშე. ამაზე წარმოუდგენელი გადატრიალება არ ყოფილა. ამ პრეზიდენტს ეუბნებიან, მოდით, ვეტო წარმოგვიდგინეთ, შიგ რაღაცეები ჩაწერეთ-დაგიწერენ, თქვენ ვერ წერთ, მაგრამ სხვები დაგიწერენ და წარმოგვიდგინეთ, შეიძლება, დავფიქრდეთ. იფიქრეთ თქვენ და იყავით, მე ვეტოს წარმოვადგენ, მაგრამ არცერთ ასეთ მანიპულაციაში არ შევალ და არ დავიწყებ ამ თამაშებს, რადგან ამას მხოლოდ ერთი მიზეზი აქვს, ხალხში გაუგებრობა შემოიტანოს. გინდათ რამე შეცვალოთ ამ კანონში? თქვენი ნებაა, ან გაიწვიეთ, ან დააბრუნეთ მეორე მოსმენაზე და მოუსმინეთ პარლამენტში ოპოზიციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, შენიშვნებს შემოგთავაზებთ. ან, კიდევ უფრო მარტივი, თქვენ თვითონ, ამ კანონის ამოქმედების ვადა გადაიტანეთ პირველი ნოემბრისთვის, არჩევნების შემდეგ, როცა, ვინც ხელისუფლებაში მოვა, ის გადაწყვეტს, ეს კანონი რუსულია, სხვა კანონების გადამღერებაა, თუ რაცაა. ჩემი იმედი ნუ გექნებათ იმაში რომ, მე შევალ ამ თამაშში, რომ გავაპატიოსნოთ ეს კანონი. არა. არის რუსული, დარჩება რუსული და თქვენც ამ კანონთან ერთად“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა სამართალდამცველებსაც მიმართა.
„მინდა, მივმართო სამართალდამცავ სტრუქტურებს, არავინ გაბედოთ ის, რაც ისმინებოდა პრემიერის სიტყვებში, არ გაბედოთ რეპრესიები, ძალადობა, კონსპირაციების მოგონება, რომ დააშინოთ ის საზოგადოება, რომელმაც აჩვენა, რამდენად მშვიდობიანი, შეგნებული, შემართებული და რამდენად არაპროვოკაციაზე წამსვლელი არიან. ვერავის დააჯერებთ ვერაფერს, მხოლოდ იმას აჩვენებთ მსოფლიოს, რომ თქვენ არ იქცევით დემოკრატიულად, რომ თქვენ კანონს არ ემორჩილებით. გირჩევთ, თავი შეიკავეთ ამისგან, რაც არ უნდა მოხდეს, პასუხისმგებლობა თქვენია. მინდა, მივმართო მომიტინგეებს, რომლებიც ამ საღამოს, ხვალ, როცა იქნება მესამე მოსმენა, თქვენ იცოდეთ, არის გეგმები, რომ პროვოკაციები მოაწყონ და თქვენც ჩაგითრიონ. ასე რომ, მინდა, მოგიწოდოთ დიდი სიფრთხილისკენ, რაც არაა შიში, მაგრამ სიფრთხილე, რომ არავინ გამოგიწვიოთ ამ პროვოკაციებში. ჩანს და უკვე ვნახეთ, რამდენად შეგნებული და მშვიდობიანი იყო ეს გამოსვლები, ესაა საქართველოს საზოგადოება, ესაა ის საზოგადოება, რომელიც გვიჩვენებს, რომ ჩვენ ვართ რელსი თავისუფალი, დემოკრატიული და ევროპული მომავლის“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.