"გამჭირვალობის კანონის" შესახებ მსჯელობა პარლამენტში გრძელდება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე ხმაურიანი განხილვის შემდეგ მიღებულ კანონპროექტს, მეორე მოსმენით, პლენარულ სხდომაზე კენჭს, სავარაუდოდ, დღეს უყრიან. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ინიციატივა არავის წინააღმდეგ არ არის მიმართული და მისი მთავარი მიზანი გამჭვირვალობაა. უმრავლესობაში, ამბობენ იმასაც, რომ მათ ვერ მიიღეს საკმარისი არგუმენტი ოპონენტებისგან, თუ რატომ არის კანონი რუსული.
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" ცდილობს, გადაუხვიოს ქვეყნის ევროპულ გზას.
დღეს, პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. შენობაში შესვლას ტელევიზიების აკრედიტებული ჟურნალისტები შეძლებენ, ხოლო სხვა მედიების წარმომადგენლებს საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის საშუალება არ ექნებათ.
განხილვის პარალელურად დღეს კანონპროექტის საწინააღმდეგო ორი აქცია ჩაინიშნა, რომლებიც 12 და 19 საათზე არის დაგეგმილი. 18 საათზე კი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთობლივ მარშს გამართავენ.