საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიამ დასავლეთ საქართველოს ექვს ქალაქში საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტების განხილვა დაასრულა.
„საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტები დღეს, მესტიაში განიხილეს.
„დასავლეთ საქართველოში 6 შეხვედრა ჩატარდა: ქუთაისში, ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა და მესტიაში. ძალიან საინტერესო შეხვედრები გაიმართა. საუბარი გვქონდა ცვლილებებზე, მოსახლეობის მხრიდან სრული მხარდაჭერაა და დეტალებთან დაკავშირებით დიდი ინტერესია. ერთია, საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი, პარალელურად ჩვენ ვმუშაობთ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელშიც ყველა ეს საკითხი იქნება ასახული. ამ შეხვედრების შედეგებს პარლამენტს მოვახსენებთ. შეხვედრებს გავაგრძელებთ აღმოსავლეთ საქართველოში. კომისიას ვადა აქვს 17 მაისამდე, რის შემდეგაც საპარლამენტო პროცედურებს დავიწყებთ“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, რომელიც საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას ხელმძღვანელობს.
კონსტიტუციური კანონპროექტის თანახმად, „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი.
კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა აღმოსავლეთ საქართველოს რამდენიმე ქალაქში გაგრძელდება და თბილისში დასრულდება.