ქუთაისში „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა მიმდინარეობს.
ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის ხელმძღვანელმა, შალვა პაპუაშვილმა და განმარტა, რატომ გახდა ცვლილებები საჭირო.
"ჩვენთვის დიდი პატივია აქ ყოფნა, ამ ქალაქში, ამ დარბაზში, რომელიც დაკავშირებულია არა მხოლოდ ჩვენს ისტორიასთან, არამედ ჩვენს ტრადიციებთან, ფასეულობებთან, ღირებულებებთან. თემაც გვაქვს ისეთი, რომელიც ზუსტად ამ ქალაქს და დარბაზს ეკადრება. როგორც იცით, საქართველოს პარლამენტში დაინიცირდა ცვლილებები, რომელიც ეხება, ერთი მხრივ, კონსტიტუციაში, 30-ე მუხლში ცვლილებას და, ამავე დროს, ეხება კონსტიტუციური კანონის ცალკე მიღებას. მიზეზი და საფუძველი ამ ცვლილების ინიცირებისა არის ტენდენციები, რომლებსაც ჩვენ ყველა ვაკვირდებით ბოლო პერიოდში. ტენდენციები, რომლებიც ხდება მსოფლიოში. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ რა ტენდენციებიც არის ხოლმე გარეთ, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ჩვენკენაც შეიძლება გადმოვიდეს. ამიტომ აქედანვე უნდა ჩამოვყალიბდეთ ჩვენს ოჯახურ ღირებულებებთან დაკავშირებით, რა არის ჩვენი ფასეულობა, რა არის ის კალაპოტი, რომელშიც გვინდა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ იმოძრაოს.
სწორედ აქედან გამომდინარე შეიქმნა კონსტიტუციური ცვლილების და კონსტიტუციური კანონის საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია პარლამენტის დადგენილებით, რომელიც 16 აპრილს იქნა მიღებული. 17 აპრილიდან შექმნილია ეს კომისია. ჩვენ გვაქვს ერთი თვე იმისთვის, რომ თქვენთან და ჩვენს სხვა თანამოქალაქეებთან განვიხილოთ ეს ინიციატივა, მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები, შევაჯამოთ და წარვუდგინოთ, პარლამენტს გადავცეთ დანაბარები. 17 მაისამდე გვაქვს დრო. ვიწყებთ ქუთაისით.
ეს ჯგუფი გავაგრძელებთ დასავლეთ საქართველოში შეხვედრებს ამ დღეებში, შეხვედრები გვექნება ამბროლაურში, ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, მესტიაში. რა თქმ აუნდა, მომავალი კვირების განმავლობაში მოვიცავთ მთლიან საქართველოს, ყველგან გვექნება შეხვედრები ამ თემასთან დაკავშირებით. ამ თემის ინიცირება როცა მოხდა, ალბათ გსმენიათ, რამდენად არის ეს აქტუალური, რამდენად არის ისეთი მწვავე საკითხი, რომელიც დღეს და ახლა საჭიროებს რეგულირებას. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ მე, ისევე, როგორც ჩვენი კოლეგები, ვიყავი 2017 წლის საკონსტიტუციო კომისიის წევრი, როდესაც ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით შემუშავდა კონსტიტუციის ცვლილების ბოლო რედაქცია და ის მივიღეთ. გახსოვთ, მაშინ საკითხი, როცა კონსტიტუციის 30-ე მუხლში გაიწერა ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი. მაშინაც ზუსტად ეს არგუმენტი იყო, სამოქალაქო კოდექსში ისედაც ასეა მოწესრიგებული და რა საჭიროა კონსტიტუციაში ამის ჩაწერა. მაშინაც ზუსტად ეს არგუმენტები იყო, რომ საკითხის კონსტიტუციით გამყარება აბსოლუტურად სხვა დონე, სიმტკიცეა.
მაშინვე იყო საუბარი, რომ იმ დროს შეიძლება არ არის აქტუალური, მაგრამ ჩანდა ტენდენციები, რომ ეს აქტუალური გახდებოდა საქართველოშიც. მართლაც, 2017 წლის შემდეგ რამდენიმე წელი დასჭირდა, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებასთან დაკავშირებით საკითხები საქართველოში კვლავ წამოწეულიყო. ამიტომ, ეს გამოცდილებაც გვკარნახობს, რომ ისეთი საკითხები თუ არის, რომლებიც ჩვენთვის ეროვნული მნიშვნელობისაა, მნიშვნელოვანია, დროულად იქნას განხილული, შეთანხმებული, დროულად მოწესრიგდეს ისეთ ადგილას, რომლის შეხებაც და შეცვლაც რთულია. იცით, რომ 2017 ცვლილებების შედეგად, კონსტიტუციის ცვლილებას დღეის მდგომარეობით სჭირდება პარლამენტის წევრთა სამი მეოთხედი, რათა მყისიერად შევიდეს ძალაში. ამიტომ, ის ყველაზე მტკიცე საკანონმდებლო აქტია, რომელიც ყველანაირად არის დაცული პოლიტიკური მიზანშეწონილობით რაღაც საკითხების გადაწყვეტიდან. წინ გველის საინტერესო დისკუსია. გახლავართ საყოველთაო სახალხო განხილვის კომისიის თავმჯდომარე, ამიტომ შევეცდები, გავწიო ძირითადად მოდერაცია და საშუალება მივცე როგორც კომისიის წევრებს, ისე თქვენ, ჩაერთოთ დისკუსიაში, რათა ყველა მოსაზრება შეჯერდეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.