„ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა, ხვალ, იწყება.
საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის პირველი შეხვედრა 22 აპრილს, ქუთაისში, 11:00 საათზე გაიმართება.
კომისია მომდევნო შეხვედრებს 23 აპრილს – ამბროლაურში, 24 აპრილს – ოზურგეთში, 25 აპრილს – ბათუმში, 26 აპრილს – ზუგდიდში, 27 აპრილს კი მესტიაში გამართავს.
პარლამენტში განმარტავენ, რომ საქართველოს სხვა რეგიონებში შეხვედრების გამართვის შესახებ ინფორმაცია დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.
„კონსტიტუციური კანონის პროექტით, საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი: „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა უზრუნველყოფილია საქართველოს კონსტიტუციური კანონით, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის განუყოფელი ნაწილია“.
ქალისა და მამაკაცის კავშირზე დაფუძნებული ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესების დაცვის მექანიზმების გაძლიერების მიზნით, კონსტიტუციური კანონის პროექტით განისაზღვრება ქორწინებასთან, არასრულწლოვანის შვილად აყვანასა და მინდობით აღზრდასთან, ადამიანის სქესის შესაცვლელად სამედიცინო ჩარევის განხორციელებასთან, ოფიციალურ დოკუმენტში სქესის მითითებასთან, სქესობრივი ნიშნით განსაზღვრული ცნებების გამოყენებასთან, შეკრებასა და ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს.