დარწმუნებული ვართ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არათუ საფრთხეს არ შეუქმნის ევროინტეგრაციას, პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, თუ რაიმეს ემსახურება აღნიშნული კანონი, ესაა ევროინტეგრაციის ამოცანა.
"ჩვენ თუ არ დავიცავთ სახელმწიფოს სუვერენიტეტს, დაგვემართება იგივე, რაც დაემართა უკრაინას და ასეთ შემთხვევაში, უკან მოგვრჩება მშვიდობაც და ევროინტეგრაციაც. შესაბამისად, თუ რაიმეს ემსახურება ეს კანონი, ეს არის ჩვენი ევროინტეგრაციის ამოცანა - სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კობახიძის თქმით, ყველა სამართალდამრღვევი აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით.
"ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქე, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი და წაუკითხავ კანონს მეორედ აპროტესტებს. ჩვენთვის ძვირფასია ის მოქალაქეც, რომელიც „ფრანკლინის კლუბში“ შეცდომაში შეჰყავთ. მინდა, გავაფრთხილო ყველა, თავი შეიკავონ ძალადობისა და პროვოკაციებისგან. ყველა სამართალდამრღვევი აგებს პასუხს კანონის სრული სიმკაცრით. განსაკუთრებით მოეთხოვებათ პასუხი მათ, ვინც კულისებში იმალებიან. არსებითად პროცესები წარიმართება კულისებიდან. სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვას და შესაბამისად კანონის საბოლოოდ მიღებას ვერაფერი დაუდგება წინ. ღირსებით, ღირსებით გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით ევროპისკენ, ეს არის ჩვენი დევიზი და სულისკვეთება. გვჯერა, რომ გამჭვირვალობით და სუვერენიტეტით შეგვიძლია, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. წინ ღირსებით ევროპისკენ“, - განაცხადა კობახიძემ.