იურიდიულმა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

15 აპრილი 2024, 22:14 297 ნახვა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა.

გადაწყვეტილება კომიტეტმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო. კომიტეტის მხრიდან ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტები უარყოფილი იქნა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, კანონპროექტის მიზანია, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

„აქედან გამომდინარე, აუცილებელია ისეთი საკანონმდებლო აქტის მიღება, რომელიც განსაზღვრავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის ცნებას და შესაბამისი სუბიექტების უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და მათი საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მოაწესრიგებს.

ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ ეს საკანონმდებლო აქტი მხოლოდ ინფორმირების მიზანს ემსახურებოდეს და მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებულ სუბიექტებს არ შეუზღუდოს ჩვეული საქმიანობის განხორციელება.

გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი კანონმდებლობა და პრაქტიკა არსებობს ისეთ ქვეყნებში, როგორებიც არის, მაგალითად, აშშ, ავსტრალია, ისრაელი; კერძოდ, აშშ-ში მოქმედებს უცხოური გავლენის აგენტთა რეგისტრაციის შესახებ აქტი (Foreign Agents Registration Act (FARA))1 ; 2018 წელს ავსტრალიამ აშშ-ის კანონის ნიმუშის მიხედვით მიიღო უცხოური გავლენის გამჭვირვალობის სისტემის შესახებ აქტი (Foreign Influence Transparency Scheme Act (FITSA))2 ; ისრაელის ქნესეთმა 2016 წელს ანალოგიური ცვლილება შეიტანა 2011 წლის კანონში უცხოური პოლიტიკური პარტიის მიერ მხარდაჭერილ სუბიექტთა გამოვლენის ვალდებულების შესახებ.

ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტი განმარტავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის ცნებას და უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციასა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს“, - აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

რაც შეეხება კანონპროექტის ძირითად არსს, წესრიგდება შემდეგი საკითხები:

„უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციისა და უცხოური ძალის ცნებების განმარტებები;

სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის საკითხი;

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის შესახებ განაცხადის, სხვა სათანადო დოკუმენტებისა და უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფის საკითხი;

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის მიერ ყოველწლიური საფინანსო დეკლარაციის წარდგენის საკითხი;

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საკითხი;

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ან კანონპროექტით განსაზღვრულ მოთხოვნათა შესრულების შესამოწმებლად მონიტორინგის განხორციელების საკითხი;

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდებისას ან კანონპროექტით განსაზღვრულ შესაბამის მოთხოვნათა შეუსრულებლობისას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი“, - ნათქვამია მასში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში