პრაქტიკულად არცერთი ონკოპაციენტისთვის 25000-ლარიანი ლიმიტის არსებობა არ გახდება დაბრკოლება მკურნალობაზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით - მიხეილ სარჯველაძე

10 აპრილი 2024, 18:40 558 ნახვა

მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან გამოსულიყო მედიკამენტების ღირებულება და ამ გზით შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ვთქვათ ხმამაღლა: პრაქტიკულად არცერთი პაციენტისთვის 25000-ლარიანი ლიმიტის არსებობა არ გახდება დაბრკოლება მკურნალობაზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

„ბევრი ონკოპაციენტისთვის ეს ობიექტურად შემაფერხებელი ფაქტორი იყო გარკვეულ დაფინანსებაზე, მიუხედავად იმისა, რომ სამინისტროს ალტერნატიული შესაძლებლობებიც ჰქონდა საიმისოდ, რომ რაღაცა ფორმით ეს მოთხოვნა დაკმაყოფილებულიყო. მიუხედავად ამისა, ეს იყო შემაწუხებელი, მათ შორის ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ბევრი ონკოპაციენტისთვის. აქედან გამომდინარე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 25000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან გამოსულიყო მედიკამენტების ღირებულება და ამ გზით შესაძლებლობა მოგვეცა, რომ ვთქვათ ხმამაღლა: პრაქტიკულად არცერთი პაციენტისთვის 25000-ლარიანი ლიმიტის არსებობა არ გახდება დაბრკოლება მკურნალობაზე, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით. ახლო მომავალში, რამდენიმე დღეში ეს გახდება ნორმატიული, ძალაში შესული აქტი. მანამდეც, ამ პერიოდშიც არცერთი პაციენტისთვის რეალური პრობლემა ეს არ იქნება. ვინმეს თუ მსგავს საკითხზე ექნება კითხვა, მზად ვართ სამინისტროში, რომ სრული მომსახურება და მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ ამ პროცესს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

სარჯველაძის თქმით, სამინისტრო პაციენტების ინტერესების დასაკმაყოფილებლად ინტენსიურად მუშაობს.

„გუშინ და დღეს მედიასაშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს გარკვეული არასათანადო ქცევა იყო ჩემი მხრიდან ონკოპაციენტების მიმართ. ისევ ონკოპაციენტების და, ზოგადად, პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე, მათ საყურადღებოდ მინდა, ამასთან დაკავშირებით მცირე განცხადება გავაკეთო. ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა ონკოპაციენტი და, ზოგადად, პაციენტის შეხედულება, მათი მდგომარეობა. ჩემი მთავარი საზრუნავი არის მხოლოდ პაციენტი და მისი ტკივილი. ეს არის მთავარი რამ, რაზეც იმუშავებს ჩვენი სამინისტრო. ასევე, მინდა ყველამ იცოდეს, ვინც მიცნობს, ალბათ ისედაც კარგად იცის, რომ პაციენტებთან კომუნიკაციის, მიმართვის ფორმა არასდროს შემშლია და არც შემეშლება. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით. არც მსოფლმხედველობით და არც ჩემი ქცევით ამის საპირისპიროს თქმის მიზეზი არასდროს არავისთვის მიმიცია. მინდა, ყველა პაციენტმა კარგად იცოდეს, რომ ვმუშაობ, რათა არცერთი პაციენტის ხმა არ დარჩეს მოუსმენელი. ამისთვის საჭირო არ არის ღია კარის მტვრევა და შუამავლების მონაწილეობა. ეს გახლავთ სამინისტროს მოვალეობა და ეს უნდა იცოდეს სამინისტროს თითოეულმა თანამშრომელმა, უკლებლივ ყველა კლინიკამ, კარგად უნდა იცოდეს თითოეულმა პაციენტმა. რა თქმა უნდა, ყველა თავად გადაწყვეტს, რა გზით რას მოითხოვს, ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, თუნდაც შესაფასებელი, მაგრამ, მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ პეტიციის ან გარკვეული აქციების ჩატარების საჭიროება ობიექტურად არ იარსებს“, – განაცხადა სარჯველაძემ.

ამასთან, როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, შეხვედრა ჰქონდა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებთან და მათი შეხედულებები მოისმინა.

„დაახლოებით ორსაათიანი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ პაციენტებიც, ასევე არაპაციენტები. თითოეული პაციენტის სატკივარი, მათი შეხედულება მოვისმინეთ და სამინისტრომ დაიწყო ინტენსიური მუშაობა, კონკრეტული საკითხების მოწესრიგება. საკითხების დიდი ნაწილი მოწესრიგებულია. გაგრძელდება მუშაობა და ვერცერთ შემთხვევაში სკანდალური ინფორმაციები, დამოკიდებულებები ვერც პირადად მე და ვერც სამინისტროს ხელს ვერ შეგვიშლის, განვაგრძოთ ინტენსიური მუშაობა თითოეული პაციენტის ინტერესის დასაკმაყოფილებლად“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი