ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იყოს უზრუნველყოფილი გერმანიისკენ მარტივი გადადგილება დაბალი ფასებით, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერი თქმით, დაიწყება მუშაობა დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად.
"როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე და უკვე ძალიან დიდი მოთხოვნაა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე.
მინდა ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, რომ დავიწყოთ მუშობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დიუსელდორფის და ჰამბურგის მიმართულებით და მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები დაბალი ტარიფით იყოს შეთავაზებული მოქალაქეებისთვის. ეს ყველაფერ მნიშვნელოვანია როგორც გულშემატკივრისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საფეხბურთო მატჩებზე ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დასწრება უზრუნველვყოთ. მე დარწმუნებული ვარ რომ გუნდს ჯგუფიდან გასვლა შეუძლია და ჩვენ რა წვლილიც შეგვიძლია შევიტანოთ ამაში, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ. შესაბამისად ყველაფერი გაკეთდება იმისთვის რომ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის იყოს უზრუნველყოფილი გერმანიისკენ მარტივი გადადგილება დაბალი ფასებით“, - განაცხადა კობახიძემ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, გერმანიის მიმართულებით დამატებითი პირდაპირი ფრენების დანიშვნისა და ღირებულების საკითხს უწყება, მიმდინარე კვირის განმავლობაში დაამუშავებს.
„ჩვენ დღეს პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება. ჩვენი უწყებები უკვე მუშაობენ ამ საკითხზე. დღეს ვერ გეტყვით, როგორი იქნება მხარდაჭერის ფორმა, თუმცა ამოცანა გასაგებია და ძალიან ლოგიკურია. ჩვენს მოსახლეობას უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ ხელმისაწვდომ პირობებში მხარი დაუჭირონ საკუთარ ეროვნულ გუნდს, რასაც დიდი ხანი ველოდით.
ჩვენ ეს დავალება უნდა შევასრულოთ მაქსიმალურად ეფექტიანად, ხოლო როგორი იქნება მხარდაჭერის ფორმა, ამაზე რა თქმა უნდა, მოგვიწევს რამდენიმე დღე მუშაობა. ჩვენ ამ კვირის განმავლობაში დავამუშავებთ პრემიერის დავალების შესაბამისად საკითხს და საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება“,- განაცხადა დავითაშვილმა.