გუშინწინ გაიმართა ეკონომიკური საბჭოს სხდომა, სადაც მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ახალი მეგა პროექტის განხორციელების შესახებ. კერძოდ, თბილისში აშენდება ახალი საერთაშორისო აეროპორტი - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს ტურიზმის სფეროში ძალიან დადებითი დინამიკა აქვს და ვიზიტორთა რაოდენობის სწრაფი და თანმიმდევრული ზრდა მოსალოდნელია მომავალში, რასაც ფეხი უნდა აუწყოს ინფრასტრუქტურამ.
„განვიხილეთ ორი ალტერნატიული ვარიანტი. ერთი ვარიანტი გულისხმობდა არსებული აეროპორტის გაფართოებას, მეორე კი გულისხმობდა ახალი აეროპორტის მშენებლობას ვაზიანში. გაფართოების ხარჯი იყო დაახლოებით 900 მილიონი დოლარი, ახლის აშენების ფასი მილიარდ 260 მილიონი დოლარი. გაფართოება იძლეოდა საშუალებას, რომ მგზავრთა ნაკადი გაგვეზარდა მაქსიმუმ 15 მილიონამდე და შემდგომი განვითარების პერსპექტივა აღარ იყო. ახლის მშენებლობა გვაძლევს მგზავრების რაოდენობის 19 მილიონამდე გაზრდის საშუალებას, შემდგომი გაფართოების პერსპექტივის. ახალი აეროპორტი იქნება სრულ შესაბამისობაში უმაღლეს თანამედროვე სტანდარტებთან.
ყველაფრის გათვალისწინებით, საბოლოო ჯამში მივიღეთ გადაწყვეტილება სწორედ ახალი აეროპორტის მშენებლობის თაობაზე. მომავალ წელს დასრულდება პროექტირება, ტენდერის პროცედურები და ამის შემდეგ, უკვე რამდენიმე წელიწადში ქვეყანას, თბილისს ექნება სრულიად ახალი ულტრათანამედროვე აეროპორტი. ეს არის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება. მას ექნება ძალიან სერიოზული ეკონომიკური ეფექტი. ჩვენი გათვლებით, 0,2 პროცენტული პუნქტით მოიმატებს ეკონომიკური ზრდა, რაც ნიშნავს იმას, რომ მომდევნო წლების განმავლობაში წლიურად საშუალოდ დაახლოებით 350 მილიონი ლარი დაემატება საქართველოს ეკონომიკად, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ეკონომიკური განვითარებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.
ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ვაზიანში ახალი აეროპორტი ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში ავიაციის განვითარებას, ასევე მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი ექნება.
დავითაშვილის თქმით, პროექტის განხორციელების შემდეგ ახალი სამუშაო ადგილები გაჩნდება მოსახლეობისთვისაც.
"ახალი ტერიტორია მოგვცემს საშუალებას, მეტად განვითარდეს რუსთავიც. რუსთავის მოსახლეობისთვის ჩნდება დასაქმების ახალი ადგილები, რადგან პროექტი არ არის მხოლოდ საავიაციო მომსახურება. თითოეულ აეროპორტს ბევრი სხვადასხვა დამხმარე სერვისი, მომსახურება აქვს, რომელიც ბევრ ადამიანს ასაქმებს. ეს იქნება ტექნოლოგიური თუ რიგითი სამუშაო ადგილები. ამ კუთხითაც, ვფიქრობ, დამატებითი პლუსი იქნება და საბოლოოდ, ხელს შეუწუობს მნიშვნელოვანი აგლომერაციის ჩამოყალიბებას თბილისსა და რუსთავს შორის, მათ შორის დაკავშირებადობის კუთხით. აეროპორტთან მისასვლელი გზა იქნება ახალი მაგისტრალის ერთ-ერთი მონაკვეთი.
იცით, კახეთისკენ მომავალი ოთხზოლიანი მაგისტრალი შენდება. ზუსტად გამარჯვებიდან რუსთავამდე გზის მონაკვეთი გაივლოს ახალი აეროპორტის ტერიტორიას. ეს საშუალებას მოგვცემს, არსებული ტერიტორიები, ანუ დღევანდელი აეროპორტის ტერიტორიები გამოვიყენოთ განვითარებისთვის. ქვეყანას მნიშვნელოვანი ამოცანები აქვს, იგივე საკონვენციო ცენტრების განვითარების კუთხით. წელს ვმასპინძლობთ მნიშვნელოვან საქმიანი ტურიზმის გამოფენას, მაგრამ ამ ინფრასტრუქტურის ნაკლებობას ქვეყანა ჯერ კიდევ განიცდის. ამ კუთხითაც ჩნდება შესაძლებლობები, რომ ეს ტერიტორიები ეფექტურად გამოვიყენოთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.