„ვეტინგის“ თემა დახურულია, ის ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას - ირაკლი კობახიძე

23 მარტი 2024, 16:22 355 ნახვა

„ვეტინგი“ ეწინააღმდეგება არა მარტო საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს, – ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „ვეტინგი“ ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს და სწორედ, ამიტომ, არის მიუღებელი.

„ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ შემიძლია, გავიმეორო, რომ ეს თემა არის აბსოლუტურად დახურული, „ვეტინგი“ ეწინააღმდეგება არამარტო საქართველოს მოქმედ კონსტიტუციას, არამედ ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ სამართლებრივ პრინციპებს. პირველ რიგში, ეწინააღმდეგება სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს. სწორედ ამიტომ არის მიუღებელი ჩვენთვის „ვეტინგი“. ყველაფერზე მაღლა დგას კონსტიტუციური სამართალი, სამართლის უზენაესობა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპი. ვერავითარ შემთხვევაში ,ვერ დავუშვებთ ამ პრინციპების ხელყოფას“, – განაცხადა კობახიძემ.

 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, პოლიტიკურ ოპონენტებს სურთ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება იმისათვის, რომ მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა და ამას ხელისუფლება არ დავუშვებთ.

„განცხადებები, რასაც ოპოზიცია აკეთებს, აჩვენებს მათ დამოკიდებულებას სასამართლოს მიმართ. როცა, ისინი, ასე უყურებენ 300-ზე მეტ მოსამართლეს, რომ ხელისუფლებას შეუძლია ისინი მოაბილიზოს, ეს არის მათი დამოკიდებულება. ასე ამობილიზებდა თავის დროზე ადეიშვილი, სააკაშვილი მოსამართლეებს. ეს, არ არის ჩვენი დამოკიდებულება, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, ეს არის მათი ხელწერა. დღეს, მადლობა ღმერთს, ვერავინ ვერ ამობილიზებს 300-ზე მეტ მოსამართლეს, ეს არის დღევანდელი მიდგომა, დღევანდელი დამოკიდებულება, ამას ვერ ეგუებიან ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები და ამიტომ უნდათ ე.წ. ვეტინგის სისტემის შემოღება იმისათვის, რომ მოახერხონ სასამართლოზე საკუთარი გავლენების აღდგენა და, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ არ დავუშვებთ.

 

"ვეტინგი" ნიშნავს იმის აღიარებას, რომ შენ არ ხარ შემდგარი სახელმწიფო, შემდგარი ინსტიტუტებით. უკრაინას და მოლდოვას აქვთ ამის უფლება, "ვეტინგის" შემოღებით და წოწორიას რეფორმის გატარებით, მათ აღიარეს, რომ არ არიან შემდგარი ინსტიტუტების მქონე ქვეყანა. ჩვენ ამას ვერ ვიტყვით, რადგან ვფიქრობთ, რომ გვაქვს შემდგარი სახელმწიფო შემდგარი ინსტიტუტებით. მართლაც ასეა, უკრაინისგან და მოლდოვისგან განსხვავებით, ჩვენ გვაქვს შემდგარი ინსტიტუტები. აქედან გამომდინარე, წოწორიას რეფორმა საქართველოში არის აბსოლუტურად უადგილო“, - აღნიშნა პრემიერმა.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში