ვიღაცის აგენტი თუ არ ხარ, როგორ შეიძლება, შენი ქვეყნის მხარდამჭერ რეზოლუციას არ მოაწერო ხელი - მდინარაძე

22 მარტი 2024, 15:23 312 ნახვა

თუ ვიღაცის აგენტი არ ხარ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ევროინტეგრაციასთან და დეოკუპაციასთან დაკავშირებულ, შენი ქვეყნის მხარდამჭერ რეზოლუციას ხელი არ მოაწერო, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მედიასთან განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ შეურაცხყოფა მიაყენა იმ ახალგაზრდებსაც, რომლებიც მათ აეროპორტში დახვდნენ იმის გასაპროტესტებლად, რომ ოპოზიციამ საქართველოს ევროინტეგრაციის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. 

„დღეს, მთელი დღის განმავლობაში პროტესტი შემთხვევითი ნამდვილად არ არის და გულწრფელია იქიდან გამომდინარე, რომ ისინი არიან ადამიანები, ვაშაძის თამადობით, რომლებმაც რაც არ უნდა ვერ წარმოგვედგინა, საქართველოს და ამავე დროს, მოლდოვისა და უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას ხელი არ მოაწერეს. მე არ ვიცი მეტი რა უნდა გააკეთონ „ქართველმა“, მათ ქართველებს ვეღარ ვუწოდებთ, დეპუტატებმა. საკუთარი სამშობლოს მხარდამჭერ, რუსეთის წინააღმდეგ მიმართულ რეზოლუციაზე, რომელიც დააინიციირეს დელეგაციის, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა, რომელსაც ხელმძღვანელობდა მაკა ბოჭორიშვილი, ამაზე ხელის არ მოწერა რას ნიშნავს?! რა ვერსია უნდა განვიხილოთ?! ოდნავ მაინც რომ მოგვინდეს მათ ქმედებაში სიმართლის დანახვა, ვერაფრით მოვახერხებთ. ახლა კიდევ, დაზეპირებული, როზნერის მიერ დავალებული მესიჯბოქსით ლაპარაკობენ.

 

იმ მოქალაქეებს, რომლებიც აეროპორტში დახვდნენ, მთვრალები და ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფები უწოდეს, ახალგაზრდებს პირდაპირ შეურაცხყოფას აყენებენ. მე არ ვიცი ამას რა უნდა დავარქვათ. ღალატი, მტრობა, დავალებების შესრულება, აგენტობა - ნებისმიერი მართალია იმიტომ, რომ სხვანაირად, თუ ვიღაცის აგენტი არ ხარ, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება შენი ქვეყნის მხარდამჭერ, ევროინტეგრაციასთან და დეოკუპაციასთან დაკავშირებულ რეზოლუციას ხელი არ მოაწერო. ყველა დღე უნდა იყოს იმის მოწოდების დღე, რომ რუსეთმა გაიყვანოს ჯარები საქართველოდან“, - აღნიშნა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ კომენტარი გააკეთა არასამთავრობო სექტორზეც და განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არ ასრულებენ თავიანთ პირობას იმის შესახებ, რომ მათი ფინანსები უფრო გამჭვირვალე გახდებოდა.

„ჩვენ შარშან უარი ვთქვით ამერიკული აგენტების შესახებ კანონის მიღებაზე და ვთქვით, რომ ამ საკითხს არ ვუბრუნდებით. მათ კი თქვეს, რომ ყველაფერი გამჭვირვალეა და კიდე უფრო გამჭვირვალე იქნება...

ჩვენ ვამბობთ რომ თემას არ ვუბრუნდებით, ისინი ამბობენ რომ კიდევ უფრო გამჭვირვალე იქნება, მაგრამ არ ასრულებენ პირობას. შეასრულონ პირობა და თქვან, სად მიდის ეს ფული. რატომ უმალავენ ხალხს? ზოგ პარტიას და ენჯეოს სახელიც ერთი ჰქვია და მეტი ლუსტრაცია არ ვიცი. უბრალოდ ვითხოვთ, რომ ამ ფულით არ ჩაიდინონ უკანონობა - საქართველოს წინააღმდეგ, ბავშვების მორალის წინააღმდეგ, ქართული იდენტობის წინააღმდეგ, ლგბტ პროპაგანდის სასარგებლოდ არ დაიხარჯოს ეს ფული და აქ იყო ს გამჭვირვალობა“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში