საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1978 წელს დაბადებული თ.თ. ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, მეუღლე – 1981 წელს დაბადებული თ.ო. და მეუღლის ნათესავი – 2009 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო და სამძებრო მოქმედებების შედეგად, თ.თ. ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს.