დღეს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალში ლუქსემბურგს უმასპინძლებს

21 მარტი 2024, 10:44 627 ნახვა

დღეს, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ნახევარფინალურ შეხვედრას თბილისში, "დინამო არენაზე“ ლუქსემბურგის ეროვნულ გუნდთან გამართავს.

მასპინძლებს დისკვალიფიკაციის გამო ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. დანაკლისით ხვდება დღევანდელ შეხვედრას ლუქსემბურგის ნაკრებიც. სტუმრებს რამდენიმე ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი დააკლდებათ, მათ შორის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დანიელ სინანი.

ლუქსემბურგისა და საქართველოს ნაკრებ გუნდებს შორის აქამდე გამართული ოთხი ამხანაგური შეხვედრიდან ერთი მეტოქემ მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა და ორჯერ ჩვენმა ნაკრებმა იმარჯვა.

მატჩი 21:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი გადმოსცემს.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მატჩის დაწყებამდე UFC-ის პირველი ქართველი ჩემპიონი ილია თოფურია, საჩემპიონო ქამარს "დინამო არენაზე" შეკრებილი გულშემატკივრების წინაშე წარადგენს.

ზურა დიასამიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში