„საზოგადოებრივი ორგანიზაციები კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღიაროს სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და დაიწყოს ევროკომისიის მიერ დამტკიცებული 9 ნაბიჯით გათვალისწინებული პირობების რეალური შესრულება.“ - ქვეყანაში მომუშავე სამოქალაქო ორგანიზაციები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ და პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის იმ განცხადებებს ეხმაურებიან, რომელთა თანახმადაც, ისინი მოსამართლეთა კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმის შექმნის საკითხს დახურულად განიხილავენ.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სასამართლოს გაჯანსაღების თემა ვერ დაიხურება, რადგან ევროკომისიის ეს მოთხოვნა საქართველოსთან წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
განცხადების ავტორები განმარტავენ, რომ ევროკომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, გადამოწმდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების, სასამართლოების თავმჯდომარეების და ამ პოზიციებზე დასანიშნი კანდიდატების კეთილსინდისიერების საკითხი და გაურკვეველია, თუ არ არსებობს მოსამართლეთა კეთილსინდისიერების პრობლემა, რატომ ეწინააღმდეგება პოლიტიკური და სასამართლო ხელისუფლება ამ პროცესს.