ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიასთან დაკავშირებით მსოფლიოში არის ნეგატიური ტენდენცია, მნიშვნელოვანია, საქართველოში ასეთი ტენდენციები დავასრულოთ - პრემიერი

19 მარტი 2024, 12:25 425 ნახვა

მე პირადად არ ვართ ჩართული კანონპროექტის შემუშავებაში, რომელიც მიმართულია ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის წინააღმდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს იყო საპარლამენტო უმრავლესობის ინიციატივა, რაც აბსოლუტურად გასაგებია.

„არის ნეგატიური ტენდენციები მსოფლიოს მასშტაბით და რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ნეგატიური ტენდენციები დავასრულოთ. ამისათვის, რა თქმა უნდა, კანონმდებლობას შეუძლია შექმნას მყარი გარანტიები. მთავარია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების შესაბამისად და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავდეს ეს კანონპროექტი“, - განაცხადა პრემიერმა.

პრემიერის შეფასებით, „ვეტინგის“ თემა ჩვენთვის დახურულია, ეს არის შეუსაბამო არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან.

"ე.წ. ვეტინგზე განცხადება გაკეთდა გუშინ ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთი ლიდერის მხრიდან. რა თქმა უნდა, „ვეტინგის“ თემა დახურულია ჩვენთვის. ეს არის შეუსაბამო საქართველოს კონსტიტუციასთან და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციასთან, არამედ, ზოგადად, კონსტიტუციურ, სამართლებრივ პრინციპებთან – სახელმწიფო სუვერენიტეტის პრინციპებთან, სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპთან. შეიძლება, ასეთი რამ ვენეციის კომისიის მიდგომის თანახმად განხორციელდეს უკიდურეს გამონაკლის შემთხვევაში, სადაც სახელმწიფო თავად აღიარებს, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები. უკრაინისა და მოლდოვის საქმე იყო მაგალითად იმის აღიარება, რომ მას აქვს შეუმდგარი ინსტიტუტები და ამას აქვს მყარი საფუძველიც, რადგან მართლა ძალიან სუსტია ინსტიტუტები როგორც უკრაინაში, ასევე მოლდოვაში, მაგრამ საქართველოში თქვენ იცით, რომ 2012 წლის შემდეგ გვაქვს ფუნდამენტური პროგრესი ყველა მიმართულებით, მათ შორის, განსაკუთრებით სასამართლოს მიმართულებით. თქვენ იცით, რა მდგომარეობა იყო ქართულ სასამართლოში 2012 წლამდე.

ქართული სასამართლო გამოიყენებოდა როგორც რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი. ეს ვითარება შეიცვალა. ეს აისახა სასამართლო სტატისტიკაზე, ეს აისახა სტრასბურგის სასამართლოში მიმართვიანობის სტატისტიკაზე და ბევრ სხვა ფაქტორზე. აქედან გამომდინარე, ვერავინ ვერ იტყვის, რომ საქართველოში არ არის შემდგარი სახელმწიფო ინსტიტუტები, პირიქით, თუ სადმე არის ძლიერი ინსტიტუტები, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპის სივრცეში, ეს არის სწორედ საქართველო, მათ შორის, ეს ეხება სასამართლოს“, -  განაცხადა პრემიერმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი