ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას სტუმრობს

16 მარტი 2024, 11:55 479 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვია.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში, საქართველოს მთავრობის მეთაურს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი, ალი ახმედოვი და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი ზაგულბას სასახლეში პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც, ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართება საქართველოს მთავრობის მეთაურის შეხვედრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ, ალი ასადოვთან.

პრემიერი დელეგაციასთან ერთად პატივს მიაგებს აზერბაიჯანის ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას და მარადიული ცეცხლის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი არიან.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი