უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ულტიმატუმი და პასუხი საქართველოს ხელისუფლებას. ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია საქართველოს მთავრობას ,,ურთიერთობის ნორმალიზებას“ სთავაზობს.
თუ რა უნდა გააკეთოს ამისთვის ოფიციალურმა თბილისმა, გავრცელებულ განცხადებაში მას რამდენიმე პუნქტად აქვს მოთხოვნები გაწერილი. არახამია ითხოვს ციხიდან გაათავისუფლონ და დაუბრუნონ მათი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი, მეორე - შეწყდეს რუსეთის ფედერაციასთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, რომელსაც მისი თქმით, ქართველი ხალხი ითხოვს და მესამე, ასევე შეწყდეს აგრესორის დახმარება სანქციების თავიდან არიდების ნაწილში.
,,ასეთ შემთხვევაში ურთიერთობების ნორმალიზება მარტივად წარიმართება", - წერს დავით არახამია, რომელიც "საქართველოს ხელისუფლებას პროკრემლისტურად“ მოიხსენიებს.
აქვე გეტყვით, რომ გუშინ საქართველოს მთავრობამ გაავრცელა უკრაინის ხელისუფლებისადმი მიმართვა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ "უპირველეს ყოვლისა, ურთიერთობების მოსაწესრიგებლად, მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ".