პროკურატურამ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

27 თებერვალი 2024, 21:18 370 ნახვა

საქართველოს პროკურატურამ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ორ თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა.

უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის თებერვალში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, დარგობრივი ეკონომიკის, ქონების მართვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა და საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის, საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილების უფროსმა სპეციალისტმა, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე 1550 კვ.მ მიწის ნაკვეთის აუქციონზე გატანის სანაცვლოდ, მოქალაქეს ქრთამის სახით მოსთხოვეს და გამოართვეს 20 000 ლარი.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები 26 თებერვალს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ (მოხელის მიერ წინასწარი შეთანხმებით ჯგუფურად დიდი ოდენობით ქრთამის აღება) ქვეპუნქტებით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი