დღეს დაღუპული იუნკრების ხსოვნის საპატივცემულო დღე არის. იუნკრების, ახალგაზრდა ბიჭების და გოგოების, რომლებმაც საბჭოთა ოკუპაციას გაუწიეს წინააღმდეგობა და წითელი არმიის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეცნენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ეს დღე ყოველთვის გვაგონებს, რომ ქართველი ერი არასდროს ურიგდება იმას, რომ იყოს დაქვემდებარებული, ოკუპირებული ქვეყანა, იყოს ქვეყანა, რომელსაც განიხილავენ როგორც ნაწილს და პროვინციას.
„ამიტომ, ეს ბრძოლის სურვილი და ჟინი ყოველთვის არის ქართველ ერში. ეს დღე გვაგონებს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას დღესაც. ეს ოკუპაცია დღემდე გრძელდება და იუნკრების მიერ თავდადებული ბრძოლა ოკუპაციის წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, არ უნდა დავივიწყოთ და უნდა მივიყვანოთ ბოლომდე ჩვენი ქვეყნის სრულად გათავისუფლების საქმე ოკუპაციიდან, რომელიც უნდა დასრულდეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში იუნკერთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდზე სალომე ზურაბიშვილის მონაწილეობა წელს არ ყოფილა გათვალისწინებული.
პაპუაშვილის თქმით, აღნიშნულ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი შარშან მიწვეული იყო, თუმცა ის არ მივიდა.
საქართველოს პარლამენტში იუნკრების ხსოვნას პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატივი მიაგეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ და დეპუტატებმა.