ხელვაჩაურის საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები მერიას სოციალურად დაუცველი ოჯახების უყურადღებოდ დატოვებაში ადანაშაულებენ. საუბარია იმ მოსახლეობაზე, რომელთაც მუნიციპალიტეტი საწვავი ბრიკეტებით ეხმარებოდა.
ოპოზიციური პარტიის ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, მერიამ ვერ უზრუნველყო ოჯახების დროულად მომარაგება და მათ გათბობის პრობლემა შეუქმნა. ოპოზიცია მერს მოუწოდებს პროგრამის ბენეფიციარებს საწვავი ბრიკეტის ნაცვლად 1000 ლარი გადასცეს.
ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე 53 ათასამდე სოციალური ქულის მქონე 300-მდე ოჯახია, რომლებსაც მერია საწვავი ბრიკეტებით უნდა დახმარებოდა ბიუჯეტში კი პროგრამისთვის 200 ათასი ლარია გათვალისწინებული.
ხელვაჩაურის მერიაში სატელევიზიო კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა აცხადებენ, რომ სათბობი ბრიკეტებით წელს 375 ოჯახი დაკმაყოფილდება და მისი გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება. მათივე ინფორმაციით, უკვე შეძენილია 222 ტონა ბრიკეტი.გასულ წელს კი მათი განმარტებით, გადაეცათ ასევე შეშა.