პარლამენტში ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა იმართება

16 თებერვალი 2024, 11:11 510 ნახვა

პარლამენტში ევროკომისიის ცხრა რეკომენდაციასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა იმართება.

როგორც შეხვედრის დაწყების წინ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, დღევანდელ დღის წესრიგში რამდენიმე თემაა, მათ შორის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ნორმების ცვლილება და საერთო სასამართლოების კანონზე მსჯელობა.

„დღეს ვთხოვეთ, რომ ამ სხდომას დაესწრონ ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, რათა მათთან ერთად განვიხილოთ, რა შეიძლება, შეიცვალოს, გაუმჯობესდეს ამ მხრივ. ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა და გავცვლით მოსაზრებებს.

 

საფუძველი მსჯელობის არის, ვენეციის კომისიის დასკვნა სხვადასხვა საკითხებზე, ასევე თუკი დამატებითი იდეები არსებობს, ამისთვისაც მზად ვართ მოვისმინოთ. მინდა, ხაზი გავუსვა ერთ საკითხს, როდესაც ვსაუბრობთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებზე. ვენეციის კომისიის დასკვნა, ეს გახლავთ რეკომენდაცია. ვენეციის კომისია არ არის მეორე პალატა და არ არის საქართველოს საკანონმდებლო ორგანო“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში კანონებს იღებს საქართველოს პარლამენტი და საქართველოში კანონები მიიღება ქართველი ხალხის სახელით მათ მიერ არჩეული პარლამენტის წევრების მხრიდან.

მისივე განმარტებით, მათ აქვთ შეთანხმებული ფორმატი, აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმასთან ერთად, რომლის წევრი მათ შორის ის ორგანიზაციებიც იყვნენ, რომლებმაც შემდეგ ბოიკოტი გამოუცხადეს ამ დათქმას, რადგან თავიანთი წარმომადგენლები ვერ აირჩიეს ამა თუ იმ თანამდებობაზე და დატოვეს პლატფორმა.

„ამიტომაც არის, რომ საბოლოო ჯამში, ისინი გაემიჯნენ ამ პროცესს, თორემ ISFED-ი თუ საია ამ პროცესის მონაწილეები, როგორც აქამდე იყვნენ. ეს ფორმატი გვქონდა შეთანხმებული. მათ აირჩიეს ეს გზა - რადიკალიზაციისა და გამიჯვნის. ახლა ამ „ენჯეოების“ კალაპოტში დაბრუნება სრულად მათი დონორების პასუხისმგებლობაა. დონორების პასუხისმგებლობა არ მთავრდება იქ, როცა ისინი ფულს ჩაურიცხავენ „ენჯეოებს“ - ამ ფულს მიჰყვება მათივე პასუხისმგებლობა. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დონორებს, გააკეთონ ყველაფერი, რათა მათი დაფინანსებით მოქმედმა „ენჯეოებმა“ უარი თქვან რადიკალიზმზე და დაუბრუნდნენ დემოკრატიულ პროცესებს“,- -აღნიშნა პაპუაშვილმა.

მან მოუწოდა ეკა ბესელიას, გაასაჯაროოს მისი უცხოური დაფინანსებების წყაროები.

„მე ერთადერთ რამეს მოვუწოდებდი მედიას, დაინტერესდეს ქალბატონი ბესელიას უცხოური დაფინანსებით. პირადად მე ვერ ჩამოვყალიბდი, ის პოლიტიკოსია, თუ „ენჯეო“ს წარმომადგენელი. მას აქვს „ენჯეო“, რომელიც უცხოეთიდან ფინანსდება და ამავე დროს ის არის პოლიტიკოსი. ეს არის აბსოლუტური ინტერესთა კონფლიქტი და შეუთავსებლობა. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, მას მოვუწოდებ, გაასაჯაროოს, საკუთარი უცხოური დაფინანსებები. ამის შემდეგ იმსჯელოს საზოგადოებამ, რომ როდესაც პოლიტიკოსი ფინანსდება უცხოეთიდან პირდაპირი წყაროებით, როგორ შეიძლება მას ჰქონდეს ის ნდობა ქართული საზოგადოების მხრიდან“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი