პროკურატურა მოსამართლის გადაწყვეტილებას შშმ პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულისთვის გირაოს შეფარდების თაობაზე, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს

11 თებერვალი 2024, 14:57 469 ნახვა

პროკურატურა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულის მიმართ გირაოს შეფარდების თაობაზე, სააპელაციო წესით გაასაჩივრებს. ამის შესახებ, ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

„პროკურატურა არ ეთანხმება, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურების ფაქტზე, ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოს შეფარდების თაობაზე და აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი გააუპატიურა.

 

პროკურატურამ ბათუმის საქალაქო სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით - პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით მიმართა, თუმცა სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახედ, გირაო - 50 000 ათასი ლარი შეუფარდა.

 

აღნიშნულ გადაწყვეტილებას პროკურატურა სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 7 თებერვალს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,დ’’ და 138-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტებით (წინასწარი შეცნობით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გაუპატიურება და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება) წარედგინა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი