6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი - გარემოს ეროვნული სააგენტო

10 თებერვალი 2024, 14:54 356 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 8 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, - ამის შესახებ განცხადებას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 6 თებერვლიდან დღემდე გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი. 

"სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების 8 ჯგუფი, საქართველოს ტერიტორიაზე, განვითარებული სტიქიის ზონებში რჩება და მოვლენების შესწავლას ადგილზე აგრძელებს, მათ შორის, 4 ჯგუფი აჭარაში, 3 იმერეთში და 1 შიდა ქართლის ტერიტორიაზე იმყოფება.

აჭარაში დაფიქსირებულია მეწყრული და ღვარცოფული პროცესები, ხოლო, იმერეთში მეწყრები.

6 თებერვლიდან დღემდე, გეოლოგების ჯგუფებმა შეაფასეს 189 ოჯახი, გატარდა საპრევენციო ზომები და მდგრად ადგილზე გადაყვანას დაექვემდებარა 94 ოჯახი. სააგენტოს სპეციალისტების მიერ, შემდგომი დამცავი და სტიქიის საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები.

ამ დროისათვის, შიდა ქართლში (სოფ. ტაშისკარშის მიმდებარე ტერიტორიაზე), სადაც ადგილი ჰქონდა მეწყრული და ღვარცოფული პროცესის განვითარებას, სააგენტოს სპეციალისტების რეკომენდაციების საფუძველზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, რათა თავიდან იქნეს აცილებული სტიქიის შემდგომი განვითარების რისკები.

ბოლო დღეებში ქვეყნის მასშტაბით, მუნიციპალიტეტების (ბაღდათი, ხაშური, გორი, ლანჩხუთი, ვანი, სამტრედია, ჭიათურა, ხულო, ქედა) მასშტაბით, ინტენსიურად მიმდინარე თოვლის დნობის პროცესს თან დაერთო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლა წვიმის სახით, რომელმაც, თავის მხრივ, გამოიწვია ბუნებრივად ისედაც დაძაბულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სტიქიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, წყალდიდობა, წყალმოვარდნა, თოვლის ზვავი) ჩასახვა-გააქტიურება", - წერია განცხადებაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში