გასული სამი წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე, მტკიცედ დადგა მშვიდობისა და განვითარების მხარეს - კობახიძე

08 თებერვალი 2024, 12:30 482 ნახვა

გასული სამი წლის განმავლობაში ქართველმა ხალხმა გამოავლინა უპრეცედენტო სიბრძნე და მიუხედავად ურთულესი გამოწვევებისა მტკიცედ დადგა მშვიდობისა და განვითარების მხარეს - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამოსვლისას მადლობა გადაუხადა ქართველ ხალხს.

„მინდა, მადლობა გადავუხადო ქართველ ხალხს, მანდატი, რომელიც ქართველმა ხალხმა დღეს უნდა მოგვანიჭოს, ქართველი ხალხის მიერ „ქართული ოცნებისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში გამოცხადებულ ნდობას ეფუძნება. პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი კანდიდატურის დასახელებისთვის კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ის, რომ საქართველოს დღეს აქვს დემოკრატია, მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა და გახდა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, პირველ რიგში არის ბატონო ბიძინა ივანიშვილის დამსახურება“, – განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძემ, გასული სამი წლის მანძილზე უაღრესად წარმატებული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილსაც.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, უმძიმეს ფონზე, საქართველომ შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

„სამთავრობო პროგრამის წარდგენაზე ვიდრე გადავალ, გასული სამი წლის მანძილზე უაღრესად წარმატებული საქმიანობისთვის, მინდა, მადლობა გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მისი საქმიანობა დაემთხვა გლობალურ პანდემიას, საქართველოში შემქნილ ხელოვნურ პოლიტიკურ კრიზისს, უკრაინის ომს და მასთან დაკავშირებულ ურთულეს გამოწვევებს უსაფრთხოებისა და ეკონომიკის კუთხით.

 

ამ უმძიმეს ფონზე, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება, სამ წელიწადში თითქმის გაორმაგდა დოლარში საქართველოს ნომინალური ეკონომიკა და საქართველომ მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, რაშიც ირაკლი ღარიბაშვილმა, როგორც საქართველოს მთავრობის მეთაურმა უდიდესი წვლილი შეიტანა. დიდი მადლობა ირაკლი ღარიბაშვილს ამისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის თქმით, წინა ხელისუფლება საქართველოს წინააღმდეგ სისტემურ დანაშაულებს სჩადიოდა.

„ყველას გვახსოვს, რა ვითარება იყო საქართველოში 2012 წლამდე, ნულოვანი დემოკრატია, ფეხქვეშ გათელილი ადამიანის ღირსება და ძირითადი უფლებები, არჩევნების ტოტალური გაყალბება, „ელიტური“ კორუფცია, ბიზნესის სისტემური რეკეტი, რეპრესიული მანქანის ინსტრუმენტებად ქცეული სასამართლო, პროკურატურა და ძალოვანი სტრუქტურები, „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკა, გადავსებული ციხეები და ქუჩაში დახვრეტილი ათეულობით ახალგაზრდა, ციხეებში თუ ციხეებს გარეთ ადამიანების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკა, მიტაცებული ტელევიზიები და მონოპოლიზებული მედია, რეჟიმის მიერ (მათივე ტერმინი რომ გამოვიყენოთ) „ჩარეცხილი“ ინტელიგენცია და შეგნებულად მოშლილი საზოგადოების სტრუქტურა, შეჩერებული წინსვლა დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებით და ამ ყველაფერთან ერთად, ყველას გვახსოვს მაშინდელი ხელისუფლების მთავარი დანაშაული – 2008 წლის ღალატი, რუსეთისთვის ჩაბარებული აფხაზეთი და სამაჩაბლო და მაშინდელი რეჟიმის მიერ მოღალატეობრივად ხელმოწერილი ევროსაბჭოს რეზოლუცია, სადაც ჩაიწერა, რომ 2008 წელს ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები ქართულმა მხარემ დაიწყო.

ეს ყველაფერი, სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი ეს სისტემური დანაშაული, ანტიევროპული სტილის ავტორიტარიზმი დაასრულა საქართველოში 2012 წელს ბიძინა ივანიშვილმა, რომელსაც ქართული საზოგადოება მანამდე ქართული კულტურისა და სულიერების ასაღორძინებლად, ჩვენი ეროვნული იდენტობის შესანარჩუნებლად განხორციელებული უპრეცედენტო ქველმოქმედებით იცნობდა“, – განაცხადა კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი