დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში ბრალდებული სასამართლომ დამნაშავედ ცნო - პროკურატურა

08 თებერვალი 2024, 10:38 399 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვაში, საქართველოში უკანონოდ შემოტანასა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო - ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს. 

უწყების ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქემ, სატვირთო ავტომობილის მისაბმელის კარებში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, 2023 წელს საქართველოში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით, 77,175 კგ. ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის" შემცველი ნივთიერება, რომლის გადაზიდვასაც ბულგარეთის მიმართულებით ახორციელებდა. ამავდროულად, ბრალდებული დაკავებისას ნარკოტიკულ საშუალება - ,"ბუპრენორფინის" შემცველ აბებს პირადად ინახავდა.

"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეექვსე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით, 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და მეოთხე ნაწილის ,"ა" ქვეპუნქტით, (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა, საქართველოში უკანონოდ შემოტანა და ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვა) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბრალდებულს სასჯელის სახით 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. მას ასევე, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული სატვირთო ავტომანქანა სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთვა,"- ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში