საპარლამენტო უმრავლესობა, ევროინტეგრაციის პროცესში, ქართული არასამთავრობოების მხრიდან საბოტაჟზე საუბრობს - მმართველი გუნდის კრიტიკული განცხადების ადრესატები ის ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები არიან, რომლებიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსის შედგენაში მონაწილეობდნენ. სწორედ მათ მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედეგად მიენიჭა ევროპასთან დაახლოების კვლევაში საქართველოს მესამე ადგილი - მოლდოვისა და უკრაინის შემდეგ.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ამ პროცესში, მესამე სექტორთან ერთად, ისევ ოპოზიციის წარმომადგენლები და მათი უცხოელი მოკავშირეები არიან ჩართულნი. მმართველი გუნდისთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ჩამორჩებოდეს საქართველო უკრაინასა და მოლდოვას მაშინ, როდესაც ქვეყანა ბევრი მიმართულებით მოწინავეა და ამას ავტორიტეტული ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევები ადასტურებს.
მაგალითად, კანონის უზენაესობის, ეკონომიკური თავისუფლების, კორუფციის აღქმისა და ადამიანის თავისუფლების ინდექსებში, საქართველო უსწრებს არა მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებს, წევრ სახელმწიფოებსაც კი. აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მიერ გამოქვეყნებული ინდექსის შედგენაში საქართველოდან 10-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია მონაწილეობდა.
კვლევის დასკვნით ნაწილში მითითებულია ისიც, რომ, რეიტინგის დამუშავების პროცესში, ორგანიზაცია ექსპერტების მოსაზრებებს დაეყრდნო.