სექსუალური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი უსაფრთხო გარემოშია - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს განცხადებით, 16 წლის ბიჭთან სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი მუშაობს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომართვის საფუძველზე, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო მყისიერად ჩაერთო აღნიშნული საქმის შესწავლის პროცესში და განახორციელა შესაბამისი მოქმედებები, მათ შორის საპროცესო წარმომადგენლობა“ - ნათქვამია განცხადებაში.
გაუპატიურების ფაქტი ხაშურის რაიონში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 16 წლის ბიჭზე სავარაუდოდ, 51 წლის კაცმა იძალადა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 51 წლის კაცი უკვე დააკავა. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორშია. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების ფაქტზე მიმდინარეობს.