არასრულწლოვანით ვაჭრობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, დედას და კიდევ ორ პირს ბრალი წარედგინა

26 იანვარი 2024, 15:08 405 ნახვა

არასრულწლოვანით ვაჭრობისა (ტრეფიკინგის) და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, სამ პირს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დედამ მასზე მატერიალურად დამოკიდებული არასრულწლოვანი შვილი, სარგებლის მიღების მიზნით, გადაიბირა და 2023 წლის ივნისიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

„ბრალდებული შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას და ნივთების რეალიზაციას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი, თავად, ისაკუთრებდა. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის თაობაზე ცნობილი იყო კიდევ ორი პირისთვის, რომლებმაც აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.

 

არასრულწლოვნის დედას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (არასრულწლოვნით ვაჭრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახით 14-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო, კიდევ ორ პირს, ბრალდება სსკ-ის 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (დანაშაულის შეუტყობინებლობა) წარედგინათ, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, არასრულწლოვნის დედას და ერთ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ბრალდებული, კიდევ, ერთი პირი სხვა სისხლის სამართლის საქმეზე უკვე იმყოფება პატიმრობაში". - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

პროკურატურის ცნობით, სისხლის სამართლის საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას აგრძელებს..

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში