სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის გამოყენების ინსტრუქცია ამოქმედდა, რომელიც ხელბორკილის და ძალის გამოყენების ფორმას, ზომას და შემთხვევებს განსაზღვრავს. ინფორმაციას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„ხელბორკილის გამოყენების ერთიანი სტანდარტის დამკვიდრება, დაკავებული პირების მიმართ ხელბორკილის არამართლზომიერად გამოყენების რისკებს შეამცირებს, უფრო მეტად დაცულს გახდის დაკავებულ პირთა უფლებებს და აამაღლებს სამართალდამცავების პროფესიულ სტანდარტებს.
დოკუმენტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის (OHCHR) მხარდაჭერით შეიქმნა და დამოუკიდებელი ექსპერტის მიერ ჩატარებულ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზსა და დიდი ბრიტანეთის გამოცდილებას ეფუძნება.
ბორკილების გამოყენების ინსტრუქცია დამტკიცებამდე შეფასებისთვის, სახალხო დამცველის აპარატის, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს წარედგინა. დოკუმენტი მოქალაქეთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით დადებითად შეფასდა". - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, საჯარო განხილვისა და უფლებადამცველი ორგანიზაციების მიერ მოსაზრებების წარდგენის შემდეგ, დოკუმენტი სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცდა და შესასრულებლად სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებისთვის სავალდებულო გახდა.