განცხადებები ხურჩაში მომხდარ მკვლელობაზე

21 მაისი 2016, 00:00 3244 ნახვა

ხურჩაში მომხდარ მკვლელობას ხელისუფლება რეაგირების გარეშე არ დატოვებს - ასეთია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის პირველი კომენტარი. ლევან იზორია გარდაცვლილ გიგა ოთხოზორიას ოჯახში იმყოფებოდა. მან მოკლულის მშობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების ფარგლებში გალში დაგეგმილ შეხვედრაზე მომხდარ მკვლელობას განიხილავენ და დამნაშავე პირის დასჯას მოითხოვენ. საკითხს ქართული მხარე ასევე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდზე დააყენებს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ხურჩაში მომხდარ ინციდენტს გმობს და სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. მისია ადასტურებს 19 მაისს, ადმინისტრაციულ საზღვარზე მომხდარ მკვლელობას და აცხადებს, რომ იმყოფება ადგილზე, აკვირდება ვითარებას, აგროვებს ინფორმაციას და მას ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს გადასცემს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრების სასწრაფო აღდგენის გადაუდებლობაზე. მკვლელობას გამოეხმაურა მთავარი პროკურორიც, რომელიც ადასტურებს, რომ დადგენილია მომხდარში ბრალდებული პირის ვინაობა. ინტერნეტსივრცეში მკვლელობის ამსახველი მასალაც გავრცელდა.  გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე ქართული მხარე მთელ პასუხისმგებლობას რუსეთის საოკუპაციო ძალებს აკისრებს. ოპოზიცია კი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ამავე კატეგორიაში