გავეცნობით ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ, გვექნება პასუხებიც - პაპუაშვილი

19 დეკემბერი 2023, 16:10 480 ნახვა

გავეცნობით ვენეციის კომისიის საბოლოო დასკვნას და აქედან გამომდინარე ვიმოქმედებთ, გვექნება პასუხებიც,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ანტიკორუფციული ბიუროს შესახებ ვენეციის კომისიის შეფასებასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, მან პირადად რამდენიმე მოქმედი კანონი გააგზავნა ვენეციის კომისიაში და ელოდება შეფასებებს.

„ჩვენ ვთქვით, რომ ველოდებით ვენეციის კომისიის დასკვნებს, მე პირადად გავაგზავნე მოქმედი კანონები ვენეციის კომისიაში, ახლა მივიღეთ დასკვნები. არა მხოლოდ ანტიკორუფციულ ბიუროსთან, არამედ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირებით, ასევე საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით. ყველა ამ დასკვნას გავეცნობით და როგორც დავდეთ პირობა ამ დასკვნებიდან გამომდინარე გვექნება მსჯელობა. ჩვენი დამოკიდებულებები დასკვნების მიმართ ხომ არის ცნობილი, გავეცნობით ამ დასკვნას, ვნახავთ, რა არგუმენტებია, რა არ არის, რა საკითხები მოიწონეს რა არ მოიწონეს, რა სამართლებრივი არგუმენტებია და ამის მიხედვით გვექნება მსჯელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე განცხადებით, ხელისუფლება კვლავ წარმატებით გააგრძელებს რეკომენდაციებზე მუშაობას, ოპოზიციას კი თუ აქვს სურვილი, დაეხმაროს საქართველოს ხელისუფლებას, მათთვის კარი ღიაა.

სამწუხაროდ, ოპოზიციამ პირველივე ტესტი ვერ ჩააბარა. ბოლო სასესიო კვირაა, გვქონდა კენჭისყრა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებთან, პარტიების დაფინანსების ცვლილებასთან დაკავშირებით, რომელიც იურიდიული პირების დაფინანსების აკრძალვასა და მშპ თანაფარდობის დაწევას ეხებოდა. ეს არის ვენეციის კომისიის და ეუთო/ოდირის რეკომენდაცია. რეალურად, არანაირი კრიტიკული არგუმენტი არ ჰქონდათ, მათ შორის ჩემს კაბინეტში გვქონდა შეხვედრა უმრავლესობასა და ოპოზიციას ე.წ. ლამინირებულ პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით და ეს საკითხიც განვიხილეთ. არვინ იყო წინააღმდეგი, მაგრამ მხარი არ დაუჭირეს, ხმა არ მისცეს ცვლილებას, მხოლოდ ევროპელმა სოციალისტებმა დაუჭირეს მხარი. აქაც ჩანს, რომ ვერ ჩააბარეს პირველივე ტესტი, იმუშაონ შემდეგი ეტაპისთვის. ნაკლებად მაქვს იმედი, რადიკალური ოპოზიცია რაიმენაირად აჩვენებს ნიშნებს, რომ მზად არის, გაიზიაროს პასუხისმგებლობა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაიწყება. საქართველოს ევროპული მატარებელი დგას მყარად ლიანდაგზე, მიგვყავს დანიშნულების ადგილისკენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი