ჩვენმა გუნდმა, ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად მივაღწიეთ უდიდეს გამარჯვებას, ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა - პრემიერი

18 დეკემბერი 2023, 14:25 454 ნახვა

ჩვენმა გუნდმა, ხელისუფლებამ ჩვენს ხალხთან ერთად მივაღწიეთ უდიდეს გამარჯვებას. ჩვენი ქვეყანა გახდა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, ეს არის მრავალი თაობის ოცნების ახდენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის ერთწლიანი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, არ იყო მარტივი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, თუმცა ეს შეძლო მმართველმა გუნდმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ევროინტეგრაციის გზაზე ყველაზე დიდი შედეგის მიღწევა.

„ბუნებრივია, არ იყო მარტივი, ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევით აღსავსე პერიოდები გავიარეთ, ბევრი განსაცდელი, მაგრამ ჩვენ ყოველთვის  ვიხელმძღვანელეთ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ამიტომ მივაღწიეთ ამ შედეგებს. ხალხის ინტერესების გათვალისწინებით ვიმოქმედეთ. 2012 წელს ჩაეყარა საფუძველი ჩვენი ქვეყნის რეალურ ევროპეიზაციას, დემოკრატიზაციას. ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცების გზას დაადგა ჩვენი ხელისუფლება მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილმა და „ქართულმა ოცნებამ“ გადაიბარა ჩვენი ქვეყნის მართვის სადავეები...

 

მე ადრეც მითქვამს, თუ ვინმემ, რომელიმე ხელისუფალმა მიაღწია რაიმე კონკრეტულ შედეგებს ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის „ქართული ოცნება“. დაწყებული ასოცირების შეთანხმების გაფორმებით, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი, კონსტიტუციაშიც კი აისახა ჩვენი გაცხადებული საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი და დაგვირგვინდა ჯერ შარშან ევროპული პერსპექტივის აღიარებით და უკვე წელს, კანდიდატის სტატუსის მოპოვებით“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა პარტნიორებს ევროინტეგრაციის გზაზე მხარდამჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ ვუთხრა მადლობა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებს, პარტნიორებს. თითოეული თქვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძალიან მნიშვნელოვანი იყო თითოეული თქვენი ხმა და თქვენი მხარდაჭერა. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ევროკომისიის პრეზიდენტს და მთლიანად ევროპელ ლიდერებს - ბატონ შარლ მიშელს, ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს. მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ოლივერ ვარჰეის, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გვეხმარებოდა და ერთ-ერთი გულმხურვალე მხარდამჭერი იყო ჩვენი მისწრაფების და, რა თქმა უნდა, 27-ვე ქვეყნის ლიდერებს, ევროკავშირის წევრ 27-ვე ქვეყანას მინდა მადლობა ვუთხრა და მათ ელჩებს, რომლებიც წარმოდგენილები არიან ჩვენთან, ამ დარბაზში. მადლობა. მინდა გულწრფელად ვუთხრა მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს“, - განაცხადა პრემიერმა.

განსაკუთრებული მადლობა ღარიბაშვილმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს და საქართველოში აშშ-ის ელჩს, რობინ დანიგანს გადაუხადა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი