პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა

15 დეკემბერი 2023, 17:08 421 ნახვა

პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე გადაწყვეტილება 82 ხმით მიიღო.

ცვლილებები მაუწყებლის დაფინანსების არსებულ წესს ეხება, რომლის თანახმად, უქმდება კანონით განსაზღვრული მაუწყებლის დაფინანსების ნორმა, რომელიც მაუწყებლის დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ს ითვალისწინებდა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი ფორმულის გათვალისწინებით, 2026 წლიდან მაუწყებლის დაფინანსება სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ დასაქმებულ პირთა მონაცემებზე დაყრდნობით გამოითვლება.

კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი დაფინანსდება წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის, 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს დამტკიცებული ბიუჯეტის მთლიანი ასიგნების ოდენობისა.

საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის დაფინანსების ოდენობის შემცირება მხოლოდ სამეურვეო საბჭოს თანხმობით იქნება შესაძლებელი. აღნიშნული ნორმები 2026 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში.

პროექტით ასევე განისაზღვრა გარდამავალი დებულებები 2024-2025 წლებისთვის. კერძოდ, საზოგადოებრივი მაუწყებელი 2024-2025 წლებისთვის წინა წლის სახელმწიფო ბიუჯეტით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით დაფინანსდება.

გარდა ამისა, იცვლება აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსების ოდენობაც.



 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში