ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში მიზანმიმართულად, შეუპოვრად მიისწრაფოდნენ ევროპისკენ და დღეს, ქართველმა ხალხმა დამსახურებულად გაიმარჯვა - დავით გაბაიძე

15 დეკემბერი 2023, 11:39 582 ნახვა

ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში მიზანმიმართულად, შეუპოვრად მიისწრაფოდნენ ევროპისკენ და დღეს, ქართველმა ხალხმა დამსახურებულად გაიმარჯვა - აცხადებს აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ჩვენმა ქვეყანამ, მშვიდობიანი, თანმიმდევრული პოლიტიკით მოიპოვა დამსახურებული გამარჯვება.

"14 დეკემბერი, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიული დღეა - ევროპის საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭა. ვულოცავ სრულიად საქართველოს, მის თითოეულ მოქალაქეს, ქვეყნის ხელისუფლებას, ამ ისტორიულ გამარჯვებას. ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში მიზანმიმართულად, შეუპოვრად მიისწრაფოდნენ ევროპისკენ და დღეს, ქართველმა ხალხმა დამსახურებულად გაიმარჯვა. კანდიდატის სტატუსს ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას, პარტია „ქართულ ოცნებას“, რომელსაც წარმოვადგენ, პრემიერ- მინისტრს - ირაკლი ღარიბაშვილს, მთავრობის წევრებს, ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტში და აპარატის თანამშრომლებს, საჯარო მოხელეებს. მათ, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, უდიდესი შრომა გასწიეს მთავარი მიზნის მისაღწევად. ასოცირების ხელშეკრულება, დათქმები, რეკომენდაციები, სხვა შეთანხმებები დაკავშირებული იყო არაერთ რეფორმასთან, საკანონმდებლო ცვლილებებთან, ევროპული კანონმდებლობის იმპლემენტაციასთან და სხვა მნიშვნელოვან პროცესებთან. ჩვენმა ხელისუფლებამ, ქართველ ხალხთან ერთად, შეძლო აღებული ვალდებულებების შესრულება, რისი დასტურიცაა ევროსაბჭოს გადაწყვეტილება. მინდა მივულოცო და მადლობა გადავუხადო, ჩვენს წარმომადგენლობებს ევროკავშირის ქვეყნებში, ევროკავშირში საქართველოს საელჩოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ევროპელ პარტნიორებსა და მხარდამჭერებს, რომლებსაც, მსოფლიოში მიმდინარე რთული პოლიტიკური ვითარების ფონზე, უწევდათ მედიატორის როლის შესრულება, რასაც, ცხადია, წარმატებით გაართვეს თავი", - აცხადებს დავით გაბაიძე.

დავით გაბაიძის განცხადებით, ჩვენი ქვეყანა, თანმიმდევრული, მშვიდობიანი პოლიტიკით, ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა წინ, ევროინტეგრაციის გზაზე, ღირსეულად მიიღო კანდიდატის სტატუსი და გადავიდა ახალ, კიდევ უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე. მისივე თქმით, სრულ წევრობამდე დიდი სამუშაოა შესასრულებელი, მაგრამ ქართველ ხალხთან ერთად, ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მოპოვება, საჭირო რეფორმების გატარება რეალობაა.

"კიდევ ერთხელ ვულოცავ სრულიად საქართველოს და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე“, - აღნიშნავს დავით გაბაიძე განცხადებაში, რომელსაც აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში