საბოლოო ჯამში, მივაღწიეთ კონსენსუსს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით, გვინდა, მადლობა გადავუხადოთ სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელსა და გენერალურ დირექტორს -მამუკა მდინარაძე

11 დეკემბერი 2023, 21:03 492 ნახვა

საბოლოო ჯამში მივაღწიეთ კონსენსუსს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით. გვინდა, მადლობა გადავუხადოთ სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელსა და გენერალურ დირექტორს საზოგადოებრივი მაუწყებლის კანონთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში, კონსენსუსი მიღწეულია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ დღეს, უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ მადლობა გადაუხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელს, ვასილ მაღლაფერიძეს და გენერალურ დირექტორს, თინათინ ბერძენიშვილს ინტენსიურ კონსულტაციებში მონაწილეობისთვის.

„ამ კონსულტაციების შედეგად ჩვენ მივედით კონკრეტულ გადაწყვეტამდე – მომდევნო ორი წლის განმავლობაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი იქნება იგივე, რაც იყო მიმდინარე წელს. ეს მათ საშუალებას მისცემს, დაასრულონ ძალიან კარგი პროექტი – ახალი შენობა, მთლიანი ინფრასტრუქტურა, მოახდინონ მისი სრული აღჭურვა. ორი წლის შემდეგ, 2026 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება წესი, რომლის მიხედვითაც, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება დამოკიდებული იქნება საქართველოში დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ ადამიანების რაოდენობის ნამრავლი 64-ზე“,- აღნიშნა მდინარაძემ.

​„დღევანდელი მოცემულობით თუ ავიღებთ წინა წლის დასაქმებულთა რაოდენობას, ეს მთლიანად ფარავს მიმდინარე საოპერაციო ხარჯებს. რა თქმა უნდა, პროგნოზია, რომ გაიზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. ბუნებრივია, დრამატული ზრდა ვერ იქნება, მოსახლეობის რაოდენობას ვერ გადააჭარბებს, უტრირებულად და ნახევრად ხუმრობით რომ ვთქვათ, მაგრამ იქნება ზრდა, მათ შორის, წლევანდელი მონაცემების მიხედვითაც, თანხა დღევანდელ საოპერაციო ხარჯებზე მეტი იქნება. ხელფასების ზრდა და ინფლაციის შესაბამისი, ადეკვატური ზრდა ყველა მიმართულებით მაუწყებელს შიგნით შეიძლება ჰქონდეს და შესაბამისი ხარჯები დაფაროს. დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ იქნება დასაქმებული ადამიანების ზრდა ქვეყანაში, რაც ავტომატურად გამოიწვევს საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ზრდას, თუმცა, ბუნებრივია, ეს არ იქნება ისეთი დინამიკა, როგორიც იყო აქამდე, გაორმაგება და გასამმაგება, როგორც შეიძლებოდა მომხდარიყო, არ იქნება. ასევე, კანონში დაზღვევის სახით იწერება ისიც, რომ შემცირების შემთხვევაში (ასეთი პროგნოზი არ გვაქვს, მაგრამ თეორიული რისკებიც უნდა დავაზღვიოთ), თუ დასაქმებულთა რაოდენობა შემცირდება, ამ შემთხვევაში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტი ამას ავტომატურად არ მიჰყვება და არ შემცირდება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განვიხილავთ კანონს, რომელიც შეეხება ლამინირებულ პირადობის მოწმობებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, საკითხი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მმართველმა გუნდმა ოპოზიციასთან შეათანხმა, ამიტომ იმედი აქვს, რომ აღარ გამოიწვევს რაიმე ინსინუაციებს.

„მიმდინარე კვირაში დაჩქარებული წესით განვიხილავთ კანონს, რომელიც შეეხება ლამინირებულ პირადობის მოწმობებს. უკვე იცით და ჩვენ ამას მხარს დავუჭერთ, რომ 2024 წლის 1 ივლისს გაუქმდება ყველა 2011 წლამდე გაცემული ლამინირებული პირადობის მოწმობა. ეს ჩვენს ქვეყანას საშუალებას მისცემს, რომ ჯერ ერთი ფიზიკურად ვნახოთ რამდენი ადამიანია ამომრჩეველი, რადგან ეს სულ საკამათო საკითხი იყო. შევძლებთ, რომ იდენტიფიცირება მოვახდინოთ რეალური ამომრჩევლის. აბსოლუტურად გავითავისუფლოთ თავი მანიპულაციური, პროვოკაციული ნეგატიური კამპანიისგან., რაც ხდება ხოლმე არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით. ის ადამიანები, ვინც აიღებენ ახალ მოწმობებს, შეძლებენ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. ვინც სხვადასხვა მოსაზრების გამო უარს იტყვის ახალი, ელექტრონული პირადობის მოწმობის აღებაზე, მათ კვლავ ექნებათ საშუალება აიღონ ლამინირებული პირადობის მოწმობა. ყოველ შემთხვევაში, დღეს რომ არის გაცემული 200 000-ზე მეტი [ლამინირებული პირადობა], მსგავსი რაოდენობა არ იქნება ამის მსურველი. ეს თემა აბსოლუტურად იხურება და ბატონი ფრიდონ ინჯიას ინიციატივასთან ერთად ყოველგვარი რისკები გამოირიცხება. ეს საკითხი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, შევათანხმეთ ოპოზიციასთან, უფრო მეტიც, მათთან ერთად გადავწყვიტეთ, ამიტომ მგონია, რომ ეს საკითხი აღარ გამოიწვევს რაიმე ინსინუაციებს“, - აღნიშნა მდინარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში