დღეს საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალში ''დინამო'' ბათუმი თბილისის ''საბურთალოს'' დაუპირისპირდება. ზღვისპირელებმა ფინალამდე ბოლნისის ''სიონის'', თბილისის ''ირაოს'' და ფოთის ''კოლხეთის'' ბარიერი გადალახეს. „საბურთალო“ კი ფინალში ლანჩხუთის “გურიის”, ''თელავის'', გორის ''დილას'' და წყალუბოს ''სამგურალის'' დამარცხების შემდეგ გავიდა.
''დინამო'' ბათუმი და ''საბურთალო'' 2023 წელს ეროვნული ლიგის გათამაშებაში ერთმანეთს ოთხჯერ შეხვდნენ, საიდანაც ორი მატჩი „დინამომ“ მოიგო, ორი კი ფრედ დასრულდა. შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ''დინამო'' ბათუმი ეროვნული ლიგის გამარჯვებული გახდა და ახლა კლუბს ისტორიაში პირველი დუბლის შესრულების შანსი აქვს. აქვე გეტყვით, რომ ბათუმის „დინამო“ თასის ფინალში 25-წლიანი პაუზის შემდეგ გავიდა.
მატჩი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 19 საათზე დაიწყება და მას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ, რის გამოც რვასაათიანი საინფორმაციო გამოშვება „მთავარი“ ეთერში არ გავა.