"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რიგებში აღარ ირიცხება. ამის შესახებ მან ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" "მიხეილ სააკაშვილისა და პარტიის 11-პუნქტიანი მანიფესტი გამოაქვეყნა.
''ვარდების რევოლუციის" 20 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე მანიფესტს პარტიის წევრებმა ხელი მოაწერეს, სადაც არ იმყოფებოდნენ ნიკა მელია და მისი თანამოაზრეები. მანამდე კეთდებოდა განცხადებები, რომ ვინც იგივე დაპირისპირებას გააგრძელებდა, პარტიის გარეთ აღმოჩნდებოდა.
ხაბეიშვილის ამ გადაწყვეტილებას მისივე თანაგუნდელების მხრიდან სოციალურ ქსელში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.
გიორგი ბარამიძემ დაწერა, რომ ის არასდროს ყოფილა მელიას გარიცხვის მომხრე და ახლაც ამ აზრზე რჩება. პოლიტიკოსების ნაწილი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ გაყოფილია და ამას მხოლოდ მეორე პარტიის ოფიციალურად შექმნა დაადასტურებს.