დღეს წარმოვადგენთ სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს, 2024 წელს ძალიან ბევრი პროექტი გვაქვს დაგეგმილი - პრემიერი

27 ნოემბერი 2023, 14:51 550 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, დღეს მთავრობის სხდომაზე ქვეყნის 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტს განიხილავენ და შემდეგ ის პარლამენტს გადაეგზავნება.

პრემიერმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებით ბოლო 3 თვის განმავლობაში, მათ პარლამენტთან ერთად ბიუჯეტის პროექტზე აქტიურად იმუშავეს.

„ბიუჯეტი დაგეგმილია კონსერვატიულად. ჩვენ ჩავდეთ 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ასევე შემცირებულია ბიუჯეტის დეფიციტი - 2,5% იქნება დეფიციტი. გვინდა, რომ შემცირების ტენდენცია შემდეგ წლებშიც შევინარჩუნოთ. მთავრობის ვალი მშპ-თან მიმართებაში 38% იქნება, რაც ასევე დაბალია. შეიძლება ითქვას, რომ ბოლო სამ წელიწადში მთავრობის ვალის მნიშვნელოვანი შემცირება მოვახერხეთ და მომდევნო წლებშიც მასაც შემცირების ტენდენცია ექნება“, - განაცხადა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2024 წელს ბევრი პროექტია დაგეგმილი, ჯამში თითქმის 6,7 მილიარდი ლარი კი ინფრასტრუქტურაზე დაიხარჯება.

„თითქმის 6,7 მილიარდი ლარი დაიხარჯება ინფრასტრუქტურაზე მთლიანად. აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი არის ირაკლი ქარსელაძის სამინისტროს ბიუჯეტი და ყველა სამინისტროს ჩადებული აქვს ეს ხარჯები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს. საჭიროა მაგარი, აქტიური, ეფექტური მუშაობა, დროული გადაწყვეტილებები და ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან კარგად იქნება“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ჯამში, რეგიონული ფონდი გახდება 580 მლნ ლარი.

„გარდა ამისა, ჩვენ დამატებით გამოვყავით 15 მლნ ლარი და ეს თანხა მოხმარდება გურიაში იმ ოჯახების კომპენსაციებისთვის, რომელთა სახლები დაზიანდა სტიქიის დროს. ჩვენ 15 მლნ ლარს წელს ჩავურიცხავთ ამ ადამიანებს, მოხდება სახლების, ბინების შეძენა, არცერთი ოჯახი არ დარჩება დახმარების გარეშე. მინდა, ეს კიდევ ერთხელ მკაფიოდ ვთქვა.  დამატებით, 15 მილიონს გამოვყოფთ უკვე  2024 წელს. კიდევ ერთხელ შევაჯამებ, რომ ჯამში, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი იქნება 25 მლრდ ლარი, ხოლო ნაერთი ბიუჯეტი 28 მილიარდ 760 მილიონი ლარი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მატება. 2012 წელს ბიუჯეტი იყო 9 მილიარდ ლარამდე, დაახლოებით, 8.6, თუ 8.7, 9 მილიარდ ლარამდე იყო ბიუჯეტი. აქაც სამჯერ არის გაზრდილი და მთლიანი ეკონომიკაც გაზრდილია სამჯერ.

კიდევ ერთხელ მადლობა, ბატონო ლაშა, თქვენ და თქვენს გუნდს, მინდა, ყველა მინისტრს მადლობა გადავუხადო, ჩვენს პარლამენტს, შესაბამის კომიტეტებს, რომლებმაც ძალიან ინტენსიურად იმუშავეს მთავრობასთან ერთად. ჩვენ ბევრი ინიციატივა მოვისმინეთ მათგანაც, გავცვალეთ აზრები, ძალიან საინტერესო პროცესი გავიარეთ და ვფიქრობ, ჩვენ გვაქვს ფისკალური თვალსაზრისით და ეკონომიკური თვალსაზრისით დაბალანსებული, პროგრამების შინაარსით საკმაოდ საინტერესო ბიუჯეტი, რომელიც მომდევნო წელს აისახება ჩვენი მოსახლეობის უდიდეს ნაწილზე, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებასაც“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი