ეროვნული გუნდის მენეჯერი გიორგი კაციტაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს

22 ნოემბერი 2023, 19:34 649 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მენეჯერმა გიორგი კაციტაძემ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით წერს და გულშემატკივარს ბოდიშს საჯაროდ უხდის.

"პირველ რიგში ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ჩემი შეცდომისთვის და არ შემეძლო პირადად არ მეთქვა ეს საჯაროდ.

2011 წლიდან დღემდე, რაც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში ვმუშაობ, პირველად და ყველაზე მნიშვნელოვან დროს დავუშვი ისეთი შეცდომა, რის გამოც თავს საშინლად ვგრძნობ და რეალობად მიღება ეხლაც მიჭირს. იმდენად დარწმუნებული ვიყავი იმაში, რომ ჯგუფური ეტაპის დასრულებისთანავე ყველა ყვითელი ბარათი უქმდებოდა, რომ ყველა ჩემ სისწორეში დავარწმუნე, არადა არაერთხელ მკითხეს. თავის დაზღვევის მიზნით რეგულაციის აღნიშნული პუნქტები არ გადავამოწმე და ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები შეცდომაში შევიყვანე.

ამ ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში დაშვებული შეცდომისთვის პირადად მე ვუხდი ბოდიშს ნაკრების ფეხბურთელებს და სამწვრთნელო შტაბს, ფეხბურთის ფედერაციის თითოეულ თანამშრომელს, რომელიც საერთო მიზნისკენ მიმავალ გზაზე, ამ გუნდის წარმატებისთვის თავდაუზოგოვად შრომობს. იმ მიზეზით, რომ ამ მნიშვნელოვან დროს, გუნდში არსებულ ერთიანობას ზიანი არ მიადგეს, საერთო გადაწყვეტილებით, გუნდთან ერთად ვრჩები.

მზად ვარ, რომ ჩვენ გუნდს მარტის მატჩებში გვერდით დავუდგე და საერთო მიზნის მიღწევაში ჩემი წვლილი შევიტანო და ამით ვეცადო იმ შეცდომის გამოსწორებას, რითიც ჩემი გუნდი და ჩემი ქვეყნის ნაკრები დავაზარალე. კიდევ ერთხელ დიდ ბოდიშს გიხდით ყველას და ძალიან ვწუხვარ მომხდარის გამო", - წერს კაციტაძე

საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალში 21 მარტს ლუქსემბურგის ნაკრებს უმასპინძლებს, გამარჯვების შემთხვევაში კი ფინალში 26 მარტს, საბერძნეთსა და ყაზახეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი