დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო A ჯგუფში გამოსვლას სტუმრად ესპანეთთან შეხვედრით დაასრულებს.
მატჩი ვალიადოლიდის სტადიონზე თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.
საქართველოს ნაკრებმა საკვალიფიკაციო A ჯგუფში ჩატარებულ 7 თამაშში 8 ქულის მოპოვება მოახერხა და მე-4 ადგილზეა.
ესპანეთის ნაკრებმა კი, რომელსაც 18 ქულა აქვს, კონტინენტის პირველობაზე თამაში ვადაზე ადრე გაინაღდა.
ლუის დე ლა ფუენტეს გუნდი, რომელიც ჯგუფის ლიდერია, ბოლო ტურის წინ 2 ქულით უსწრებს ევროპის პირველობაზე ასევე კვალიფიცირებულ შოტლანდიას, რომელიც ბოლო თამაშს შინ ნორვეგიასთან (10 ქულა) ჩაატარებს.
გასარკვევი ისაა, საბოლოდ როგორ გაინაწილებენ A ჯგუფში პირველ-მეორე ადგილებს ესპანეთი და შოტლანდია.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებები აქამდე ერთმანეთს 6-ჯერ შეხვედრიან, საიდანაც 5 მატჩი ოფიციალური იყო და ხუთივე ესპანელებმა მოიგეს.
საქართველომ ესპანეთის დამარცხება ისტორიაში ერთხელ - 2016 წელს, მადრიდში მოახერხა.