კლინიკიდან გაქცეული პატიმრები, დავაკავეთ თბილისთან საკმაოდ ახლოს და უკვე გადაყვანილი არიან შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში - რატი ბრეგაძე

02 ნოემბერი 2023, 16:47 679 ნახვა

სამი პატიმარი საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან გაიქცნენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებ, ეს ადამიანები დავაკავეთ თბილისთან საკმაოდ ახლოს, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე განცხადებით, სამივე მათგანი შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაშია გადაყვანილი. იუსტიციის მინისტრის განმარტებით, დაკავება ერთ რეგიონში მოხდა, პატიმრები ერთად იმყოფებოდნენ და სასჯელსაც  ერთ პენიტენციურ დაწესებულებაში იხდიდნენ.

"საზოგადოებისთვის კარგად ცნობილია, რომ გუშინ გაიქცა სამი პატიმარი. ადგილი ჰქონდა ამ სამწუხარო ფაქტს, კონკრეტულად დანაშაულს. არასრულ 24 საათში ძებნის ღონისძიება, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან ძალიან მჭიდრო კოორდინაციით, დასრულდა წარმატებით. სამივე პატიმარი განთავსებულია უკვე შესაბამის პენიტეცნიურ დაწესებულებაში და მათ, როდესაც დასრულდება გამოძიება და სასამართლო პროცესი, დაეკისრებათ შესაბამისი სასჯელი.

 

რაც შეეხება კითხვას, სად დავაკავეთ ეს ადამიანები, მე დღესაც ბევრ ფაქტზე და გარემოებაზე არ ვისაუბრებ, იმ მარტივი მიზეიდან გამომდინარე, რომ ახლაც მიმდინარეობს გამოძიება, ტარდება საგამოძიებო მოქმედებები. ერთადერთი, რაც შემიძლია, ამ ფაქტთან დაკავშირებით გითხრათ, რომ ეს ადამიანები არ იყვნენ დაკავებული თბილისში. თბილისთან საკმაოდ ახლოს დავაკავეთ. ერთი ცოტა ადრე, ორი ოდნავ მოგვიანებით“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

როგორც იუსტიციის მინისტრი განმარტავს, ბრალის დამტკიცების შემდეგ, დაკავებულებს 6-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

"ეს ადამიანები არიან სრულწლოვანები. მათ ჩადენილი ჰქონდათ გარკვეული დანაშაული, რისთვისაც იხდიდნენ სასჯელს. ჯერჯერობით მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ამიტომ ზედმეტი დეტალების გასაჯაროებისგან შევიკავებ თავს. მთავარი არის ის, რომ სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი კოლეგა უწყებასთან ერთად. ეს ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და ამისთვის იხდიდნენ სასჯელს, შემდგომში კიდევ დამატებით დანაშაული ჩაიდინეს. თქვენ იცით, რომ ეს ქმედება გათვალისწინებულია სსკ-ით. მათ დამატებით დაეკისრებათ 6-დან 8 წლამდე სასჯელი. ამის შესახებ იმსჯელებს სასამართლო. ეს აღარ არის ჩვენი კომპეტენცია.

ეს ადამიანები გაიქცნენ საავადმყოფოს მიმდებარე ტერიტორიიდან. დეტალები თუ ასე საინტერესოა საზოგადოებისთვის, საკმაოდ მალე, პირვანდელი საგამოძიებო მოქმედებების დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი