მსოფლიოში რთულად თუ მოიძებნება პატიმარი, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული, როგორც მიხეილ სააკაშვილის - რატი ბრეგაძე

31 ოქტომბერი 2023, 12:48 656 ნახვა

სააკაშვილის უფლება რომ არის დაცული, ალბათ, რთულად თუ მოიძებნება პატიმარი ნებისმიერ ქვეყანაში, რომლის უფლებებიც ასე ზედმიწევნით იყოს დაცული, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, პატიმრობის პერიოდში ექსპრეზიდენტი დაახლოებით 2 700-მა ვიზიტორმა მოინახულა.

„სამართლებრივად, ნებისმიერ დავაში - სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გამართლდა საქართველო. მე თქვენგან პირადადაც, ასევე თქვენი ტელევიზიისა და სხვა ტელევიზიის წარმომადგენლებისგანაც, ოპოზიციის წარმომადგენლებისგანაც, ბევრჯერ გამიგია, რომ ირღვეოდა მსჯავრდებულ სააკაშვილის უფლებები, ხდებოდა კანონდარღვევა, მაგრამ ეს არასოდეს დასტურდება. ეს არის სუბიექტური აღქმები, სამართალი კი ამ შემთხვევაში საუბრობს აბსოლუტურად სხვა რამეზე“, - განაცხადა ბრეგაძემ.

ბრეგაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ არის არაფორმალურად მართული ძალა მიხეილ სააკაშვილისგან, კეზერაშვილისგან, ვანო მერაბიშვილისგან და ა.შ. შესაბამისად, ეს არის მათი პრობლემა.

„სააკაშვილს, ისევე როგორც ნებისმიერ ამ ქვეყანაში მყოფ სხვა ადამიანს, აქვს გამოხატვის თავისუფლება და ის სასამართლო პროცესზე რას იტყვის, ეს არის მისი გადასაწყვეტი. მთავარია, რომ მან სასამართლო პროცესზე ასევე ისაუბროს იმის შესახებ, რაც უშუალოდ შეეხება საქმეს. მისი განცხადებით კანონი ვერ დაირღვევა. მას აქვს საკუთარი მოსაზრებები, რომელსაც ავრცელებს. თუ ის ვინმეს მოუწოდებს დანაშაულის ჩადენისკენ, ეს იქნება კანონდარღვევა. დანარჩენი, რა პოლიტიკურ მოსაზრებებს გამოთქვამს, ამით კიდევ ერთხელ ჩნდება „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე, როგორც არაფორმალურად მართული პოლიტიკური გაერთიანების“, – განაცხადა ბრეგაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი