საქართველოს პროკურატურამ 14 წლის გოგონას განზრახ მკვლელობის საქმეზე, მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს ბრალი წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.
გამოძიებით დადგინდა, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგონას შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება.
აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო გამტაცებლის ბიძისთვის და ბიძაშვილისთვის, რომლებმაც დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.
არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულია და ბრალდება წარდგენილი აქვს კიდევ სამ პირს, მათ შორის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, მოკლულის დედას და ბიძას ქორწინების იძულების და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე.