ვიქტორ ორბანი არის ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ძლიერი მხარდამჭერი - ირაკლი ღარიბაშვილი

12 ოქტომბერი 2023, 15:32 580 ნახვა

მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ბატონო ვიქტორ პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ, როგორც მე აღვნიშნე, ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კახეთში, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო ჩვენი ქვეყნის ნამდვილ მეგობარს და ძლიერ მხარდამჭერს, ბატონ ვიქტორ ორბანს. მე ბედნიერი და მოხარული ვარ, რომ პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი თავის კაბინეტთან ერთად ჩამობრძანდა საქართველოში და დღეს გავმართეთ პირველი მთავრობათაშორისი სამიტი. რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის უნიკალური და დღეს ისტორიული დღეა საქართველოსა და უნგრეთის რესპუბლიკებს შორის ურთიერთობებში.

 

შეგახსენებთ, რომ საკმაოდ ინტენსიური შეხვედრები გვქონდა ბოლო 1 წლის განმავლობაში, ვიყავი ვიზიტით ბუდაპეშტში, სადაც შევთანხმდით პირველი მთავრობათაშორისი სამიტის გამართვის შესახებ. ასევე, ბუდაპეშტში ხელი მოვაწერეთ შეთანხმებას და გავხდით სტრატეგიული პარტნიორები. მინდა მთავრობის სახელით გამოვხატო გულწრფელი მადლიერება ბატონო ვიქტორ პირადად თქვენდამი, ვინაიდან თქვენ ხართ, როგორც აღვნიშნე, ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის ნამდვილი მეგობარი და ძლიერი მხარდამჭერი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროინტეგრაციის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერის განცხადებით, უნგრელ ხალხს ნამდვილად გაუმართლა, რომ ასეთ რთულ, არაპროგნოზირებად დროს, უნგრეთს ჰყავს ასეთი ძლიერი და პატრიოტი ლიდერი, რომელიც მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებს იცავს და საკუთარი ხალხის ინტერესებს ემსახურება.

„ჩვენს ქვეყნებს აერთიანებთ ტრადიციული და მარადიული ღირებულებების ერთგულება, რომლებმაც შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშეს ჩვენი ისტორიის, კულტურის, იდენტობის შენარჩუნებაში და ყოველდღიური ცხოვრების ჩამოყალიბებაში. ეს მოიცავს ჩვენი ქვეყნების, სამშობლოსა და ჩვენი მრწამსის, რელიგიისადმი ერთგულებას, ოჯახის სიწმინდის, ჩვენი ტრადიციების პატივისცემას და მე არ შემიძლია არ აღვნიშნო ბატონი ვიქტორ ორბანის ღვაწლი აი ამ ნამდვილი ფასეულობების, ტრადიციების დაცვაში, განმტკიცებასა და გაძლიერებაში“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი