რეგლამენტში ცვლილებები არ განიხილება დაჩქარებული წესით, შესაბამისად, მისი მიღება მოხდება იმპიჩმენტზე გადაწყვეტილების შემდეგ - პაპუაშვილი

09 ოქტომბერი 2023, 15:04 484 ნახვა

რეგლამენტში ცვლილებები არ განიხილება დაჩქარებული წესით, შესაბამისად, მისი მიღება მოხდება იმპიჩმენტის საკითხის შემდეგ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რეგლამენტში ცვლილებები გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრელად ხორციელდება.

"რადიკალურ ოპოზიციას რომ აქვს არა მხოლოდ კომპეტენციის პრობლემა, არამედ, როგორც ჩანს, წერა-კითხვის პრობლემაც აქვს. კანონპროექტის დაჩქარებული წესით არ ხდება მისი განხილვა. მისი მიღება მოხდება კარგა ხნის შემდეგ, როცა გადაწყდება იმპიჩმენტის საკითხი. ანუ არანაირი კავშირი ამასთან არ აქვს. სინამდვილეში, ეს დაკავშირებულია იმ ცვლილებებთან, რომელიც ეტაპობრივად ხორციელდება პარლამენტის რეგლამენტში, გარკვეული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, პროცედურების დასახვეწად.

არსებულ რეგლამენტში არის საკითხები, რომელიც წყდება ფარული და ღია კენჭისყრით. მათ შორის სხვადასხვა თანამდებობაზე არჩევის დროს. დღევანდელ რეგლამენტს თუ ჩახედავთ, არის აბსოლუტურად უსისტემო. მაგალითად, საქსტატის საბჭოს წევრს ვირჩევთ ფარული კენჭისყრით და კომუნიკაციის კომისიის საბჭოს წევრს ღია კენჭისყრით. ინიცირების იდეა არის შემდეგი, რომ ის, რაც კონსტიტუციაშია გათვალისწინებული როგორც ფარული კენჭისყრა, მხოლოდ მასზე იყოს ფარული კენჭისყრა და ეს არის ერთადერთი კენჭისყრა პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის შემთხვევაში. სხვა დანარჩენი კენჭისყრები იყოს ღია.

იცით, რომ ცოტახნის წინ სახალხო დამცველთან დაკავშირებითაც გავხსენით კენჭისყრა. ასე რომ, თუ შეხედავთ სიას, მაგალითად, ფარულია საქსტატი, საპენსიო ფონდის საბჭოს წევრების არჩევა რატომღაც ფარულია, კომუნიკაციის კომისიის არჩევა არის ღია, საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მოსამართლის არჩევა ფარულია და უზენაესი სასამართლოს არჩევა – ღია. ანუ ლოგიკა არ არის და ამიტომაც, ვფიქრობ, ეს პირიქით წაადგება გამჭვირვალობას.

ეს არგუმენტი არ არის ვალიდური, ვინაიდან მაშინ რა ლოგიკით არის ფარული საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში მოსამართლის არჩევა, ანუ აქ უნდა დავიცვათ დეპუტატი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლის არჩევის დროს არ სჭირდებათ დაცვა? არ არის ეს ლოგიკა აქ ჩადებული, ამიტომაც, ეფუძნება კონსტიტუციურ ლოგიკას, რაც კონსტიტუციაშია ფარული, იქნება ფარული", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ რეგლამენტში ცვლილებების პროექტის მიხედვით, პარლამენტის მიერ თანამდებობის პირების თანამდებობაზე არჩევისა და გათავისუფლების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, ფარული კენჭისყრის ნაცვლად, ღია კენჭისყრით მოხდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი